379404340_840540510932687_1885991867960848446_n (1)

აზიზლის ვერც ამჯერად ვძლიეთ

სამწუხაროდ, არ გამართლა ჩვენი მოლოდინი სასწაულის შესახებ და ნუგზარ წურწუმიამ (55) ვერც ამჯერად შეძლო აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დამარცხება ბელგრადში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში: დასაწყისშივე კისრულით 4-ქულიანზე კი გადმოიღო, მაგრამ მეტოქემ ჩოქბჯენში მისი დაჭერა მოახერხა და ძირითადად დატრიალებებით ანგარიში თავის სასარგებლოდ წაიყვანა. თან, ხობელი ფალავანი სამჯერაც გააფრთხილეს და აზიზლიმ 50 წამში მოიგო. ბოლო გაფრთხილება ჩვენმა მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქის ფეხზე ხელის წავლებისთვის მიიღო, რასაც ჩვენები არ დაეთანხმნენ და გააპროტესტეს, თუმცა ამაოდ და ქულა მეტოქეს დაუმატეს, შეხვედრა კი 13-4 დასრულდა. წურწუმიას მედალი ჯერჯერობით ერთადერთია ჩვენი ნაკრებისთვის, ლიცენზია კი ჯერაც არ გვაქვს. ვნახოთ, მოგვიტანს თუ არა რომელიმეს ხვალინდელი დღე, თუმცა ხვალაც თითო შანსი გვაქვს ერთზეც და მეორეზეც.

დღევანდელი დღე – 22 სექტემბერი დიდად წარმატებული არც ჩემპიონატში დღეს ჩაბმული სამეულისთვის გამოდგა – ფინალში გასვლა ვერავინ შეძლო. ეგ კი არა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს მხოლოდ ერთი – ხულოელი ფრიდონ აბულაძე (60) ინარჩუნებს, ხელვაჩაურელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი რამაზ ზოიძე (72) და სამტრედიელი გიორგი მელია (97) კი ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

აბულაძემ თავიდან მექსიკელი სამუელ გურია ვიგუერასი წმინდად, 10:2 დაამარცხა. მეორე პაექრობა უკვე თვითონ წააგო წმინდად – 0:9 ყირგიზთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ჟოლამან შარშენბეკოვთან (ბარემ აქვე გეტყვით, რომ მეორე ყირგიზმა – აკჟოლ მახმუდოვმა დღეს უკვე მოახერხა ტიტულის დაცვა). მოლოდინისამებრ, ყირგიზი ფინალში გავიდა და ზედიზედ მეორედ შეეცდება ამ საპატიო ტიტულის მოპოვებას, აბულაძეს კი დამამშვიდებელი წრის კარი გაეხსნა, ოღონდ იქ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ელოდებიან. მან ბრინჯაოს მოსაპოვებლად 3 შეხვედრა უნდა მოიგოს. თავდაპირველად ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩიუსს შეხვდება, ამათში მოგებულს კი უზბეკი ისლომჯონ ბახრამოვი ელოდება. იმ წყვილის გამარჯვებული უკვე დამამშვიდებლის ფინალში გავა, სადაც ბრინჯაოსთვის ირანელთა აზიის ვიცე-ჩემპიონი მეჰდი სეიფოლა მოსენ ნეჯადი ელოდება.

ზოიძე პირველივე შეხვედრაში დაშავდა იაპონელ შინგო ჰარადასთან – 0:1 და მერე ვერც სანუგეშოში გადავიდა, რადგან აზიელი ფინალამდე გამოვარდა.

მელიამაც პირველივე პაექრობა წააგო ნორვეგიელთა ევროპის ჩემპიონ ფელიქს ბალდაუფთან – 1:3 და ესეც ნაადრევად დაემშვიდობა სერბეთს.

დღევანდელი დღე ჩვენთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა, თუმცა ჩემპიონატში ერთი ხმაურიანი სენსაცია კი მივიღეთ: მძიმე წონაში შარშანდელი ფინალი განმეორდა და, ალბათ, ყველა ისევ თურქი რიზა კაიაალპის – მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის 12-გზის (!), ოლიმპიადის ფინალისტისა და ორგზის ბრინჯაოს მფლობელის გამარჯვებას, თუმცა ამჯერად ირანელმა ამინ მოჰამადზამან მირზაზადემ რევანში აუღო. ოღონდ შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა ქულის უპირატესობა ირანელს ჰქონდა. ალბათ, რიზამ და მისმა ქომაგებმა შვებით ამოისუნთქეს, როცა კუბელი ოთხგზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და პან ამერიკის ხუთ-ხუთგზის ჩემპიონი მიხაინ ლოპეს ნუნესი 40 წლის ასაკში სპორტიდან წავიდა – მსოფლიო-ოლიმპიადებზე მასთან ბევრი ფინალი თუ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და კუბელმა გვარიანად გაუფუჭა კარიერა, თუმცა 33 წლის თურქს ზედ ოლიმპიადის წინ ირანელი მოევლინა ახალ ჯებირად.

სიტყვა შარშანდელ ჩემპიონებზე ჩამოვარდა და საინტერესოა, რომ დღეს ორმა მათგანმა უკვე შეინარჩუნა ტიტული – აზიზლიმ და ზემოხსენებულმა ყირგიზმა მახმუდოვმა, ხოლო კიდევ ერთი – სომეხი არტურ ალექსანიანი 97-ში დღეს გავიდა ფინალში. ისიც საინტერესოა, რომ 55 კილოგრამში ლამის შარშანდელი კვარცხლბეკი განმეორდა – სამმა ისევ შეინარჩუნა ადგილი და თან – ზუსტად იმავე მიმდევრობით! აზიზლისა და წურწუმიას გარდა, იქ უზბეკი ჯასურბეკ ორტიკბოევიც ავიდა მესამე საფეხურზე, სადაც მის გვერდით ამჯერად ირანელი როაი სულატ დად მარზი დადგა იაპონელ იუ შიოტანის ნაცვლად.

აღსანიშნავია 77 კილოგრამის გამარჯვებულიც – აზერბაიჯანელი რაფიკ ჰუსეინოვი – ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, ვინც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, 35 წლისაა. ყოველ შემთხვევაში, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ბაზაში ამ თარიღითაა დარეგისტრირებული, მის სისწორეზე კი თავს ვერ დავდებთ. მთავარი დამაეჭვებელი ისაა, რომ ის ჯერ კიდევ მანუჩარ კვირკველიას კონკურენტი იყო, როცა ორივენი ჯერ ისევ 74 კილოგრამში გამოდიოდნენ! თღუმცა 35 წელიც არაა ჩვეულებრივი ამბავი ამხელა წარმატებისთვის, ჰუსეინოვმა კი 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.

23 სექტემბერს მსოფლიოს ჩემპიონატში დარჩენილი 3 წონის ფალავნები ჩაებმებიან – 63, 67 და 87 კილოგრამები. ამათგან ოლიმპიური 67 და 87 კილოგრამებია. ჩვენგან ევროპის ბოლო ორი პირველობის ხულოელი გამარჯვებული და მსოფლიოს ასევე ბოლო ორი პირველობის ფინალისტი ლერი აბულაძე (63), ხობელი ევროპის წლევანდელი ფინალისტი ჯონი ხეცურიანი (67) და ხულოელი მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე (87) გამოვლენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბელგრადი. 22 სექტემბერი
55 კგ. 1. ელდანიზ აზიზლი (აზერბაიჯანი); 2. ნუგზარ წურწუმია (საქართველო); 3. ჯასურბეკ ორტიკბოევი (უზბეკეთი), როაი სულატ დად მარზი (ირანი)
77 კგ. 1. აკჟოლ მახმუდოვი (ყირგიზეთი); 2. სანან სულეიმანოვი (აზერბაიჯანი); 3. მალკას ამოიანი (სომხეთი), ნაო კუსაკა (იაპონია); 9. იური ლომაძე (საქართველო)
82 კგ. 1. რაფიკ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი); 2. ალირეზა აზიზხოონ მომადიპიანი (ირანი); 3. იაროსლავ ფილჩაკოვი (უკრაინა), აუეს გონიბოვი (ნეიტრალური გუნდი); 13. გელა ბოლქვაძე (საქართველო)
130 კგ. 1. ამინ მოჰამადზამან მირზაზადე (ირანი); 2. რიზა კაიაალპი (თურქეთი); 3. ოსკარ პინო ჰინდსი (კუბა), აბდელატიფ მოჰამედ აჰმედ მოჰამედი (ეგვიპტე); 8. იაკობ ქაჯაია (საქართველო)

მსგავსი სიახლეები