გორის სპორტის სასახლეში, 29 იანვარს, დასრულდა საქართველოს პირველობის გათამაშება ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე 23 – წლამდელთა შორის. ტურნირის მეორე დღეს, დილით, გაიმართა დამამშვიდებელი ეტაპი, შუადღიდან კი ფინალური ბლოკი დაიწყო და გამოვლინდნენ ჩემპიონ – პრიზიორები, 10 – ვე წონაში.
ფინალურმა ბლოკმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. იყო რამდენიმე შეხვედრა, სადაც, ერთი შეხედვით, ფავორიტებმა წააგეს, თუმცა ვერც მათ მომგებებს ვუწოდებთ უცნობებს და ამიტომ ამას დიდ მოულოდნელობადაც ვერ მივიჩნევთ. და თუ მაინც მოულოდნელობებზე ვილაპარაკებთ, ალბათ, ასეთად ყველაზე მეტად 67 – ის ფინალი უნდა მივიჩნიოთ, სადაც ხობელმა დავით გვასალიამ აჭარელი ანრი ხოზრევანიძე დაამარცხა – გვასალია ლამის ყოველთვის მედლის ზონაშია, თუმცა გამოცდილებით და უცხოური მედლებით უპირატესობა ხოზრევანიძის მხარეს იყო. ასევე, ცოტა მოულოდნელი იყო ერთადერთ აჭარულ ფინალში, 72 – ში, ნიკა ბროლაძის მარცხი ანრი თავართქილაძესთან, თუმცა ამ თაობაში გამარჯვებულიც სოლიდური ფალავანია.
მოლოდინისამებრ, ტურნირმა აჭარელთა სოლიდური უპირატესობით ჩაიარა – 10-დან 5 ოქრო მოიპოვეს. გარდაბანმა 2 დაისაკუთრა, თითო-თითო კი ქუთაისმა, ოზურგეთმა და ხობმა ირგუნეს. თბილისი ოქროს გარეშე დარჩა, თუმცა გუნდურ ჩათვლაში მესამეზე მაინც გავიდა, რადგან სხვა სინჯის მედალი მოიპოვა რამდენიმემ, ზოგი კი მეხუთე დაურჩათ. რამდენიმე თბილისელმა კარგი შესაძლებლობები გამოავლინა და მომავალში კიდევ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვიან. თბილისს 1 ფინალისტი ჰყავდა და ისიც დამარცხდა – გიორგი ალადაშვილი (77), თუმცა ის ჯერ ასაკითაც პატარაა – 18 წლისაც არაა, მაგრამ ფინალში კი გავიდა. აღსანიშნავია ლანჩხუთის გამოსვლაც – ოქრო – ვერცხლი ვერა, მაგრამ 4 ბრინჯაო კი მოიპოვეს. აქამდე მათი „ჯოკერი“ თამაზ ღლონტი (60) იყო, ბოლო 2 სეზონია, მას ოთარ ჯანელიძე (67) დაემატა, წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატიდან კი თამაზ აბაშიძემაც (77) კარგად დაგვამახსოვრა თავი, რასაც ეს მედალიც დაუმატა. აი, მათი მეოთხე მედალოსანი გიორგი მახარაძე (82) კი ახალი კადრია. ანუ, მათ უკვე გაუჩნდათ მაღალი მიზნებისთვის მოჭიდავეთა ჯგუფი და შედეგიც გამოჩნდა. ამჯერად შედარებით სუსტად გამოვიდა ოზურგეთი – მხოლოდ ერთი ფინალისტი ჰყავდათ, თუმცა ჩემპიონი კი გაუხდათ – საბა მამალაძე (82), რასაც სხვა სინჯის რამდენიმე მედალიც დაუმატეს. საინტერესო მოჭიდავეები გამოჩნდნენ ხობიდან, რომლებიც აგრძელებენ აწ გარდაცვლილ მსოფლიოს ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას გზას და იქაურები მხოლოდ ევროპის ფინალისტ ჯონი ხეცურიანის (67) ამარა აღარ არიან. მათ აქამდეც ჰყავდათ ნიჭიერი ბიჭები, რომლებმაც საკუთარი შნო ამჯერადაც დაამტკიცეს. სხვათა შორის, ტურნირს ხეცურიანიც ესწრებოდა და 67 კილოგრამის ფინალისას მეგრულად კარნახობდა გვასალიას, მისი საუბარი ხოზრევანიძეს რომ არ გაეგო. სენაკიდანაც გამოჩნდა ახალი კადრი – თორნიკე ჩხიკვაძე (87).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. საქართველოს პირველობა 23-წლამდელთა შორის. გორი. 29 იანვარი
55 კგ. – 1. კობა ქარუმიძე (გარდაბანი); 2. გიორგი კოჩალიძე (აჭარა); 3. ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი)
60 კგ – 1. ბესო მახარაძე (აჭარა); 2. დიმიტრი ხაჩიძე (ბორჯომი); 3. თამაზ ღლონტი (ლანჩხუთი), კახა გოგინაშვილი (თბილისი)
63 კგ. – 1. რომეო ბერიძე (აჭარა); 2. გიორგი ჭიკაიძე (გარდაბანი); 3. საბა სურმანიძე (აჭარა), ცოტნე ბუკია (ხობი)
67 კგ. – 1. დავით გვასალია (ხობი); 2. ანრი ხოზრევანიძე; 3. რატი ხოზრევანიძე (ორივე – აჭარა), ოთარ ჯანელიძე (ლანჩხუთი)
72 კგ. – 1. ანრი თავართქილაძე; 2. ნიკა ბროლაძე (ორივე – აჭარა); 3. ნიკა ღლონტი (ოზურგეთი), მიშიკო ალექსანდრია (ხობი)
77 კგ. – 1. ანრი ფუტკარაძე (აჭარა); 2. გიორგი ალადაშვილი (თბილისი); 3. თამაზ აბაშიძე (ლანჩხუთი), ლევან ორჯონიკიძე (გარდაბანი)
82 კგ. – 1. საბა მამალაძე (ოზურგეთი); 2. ლუკა გელაშვილი (გარდაბანი); 3. ანრი დავითაძე (აჭარა), გიორგი მახარაძე (ლანჩხუთი)
87 კგ. – 1. ზურაბ მელაძე (ქუთაისი); 2. იაგო გობაძე; 3. ლუკა კოჩალიძე (ორივე – აჭარა), თორნიკე ჩხიკვაძე (სენაკი)
97 კგ. – 1. ლუკა გაბისონია (აჭარა); 2. საბა ფურცელაძე (გარდაბანი); 3. ჯემსი გოგსაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ვანაძე (აჭარა)
130 კგ. – 1. რატი ტალიკიშვილი (გარდაბანი); 2. გიგა შავაძე (ბოლნისი); 3. ზურაბ მაქაცარია (თბილისი), ლუკა შავაძე (აჭარა)
გუნდური – 1. აჭარა – 215 ქულა; 2. გარდაბანი – 141; 3. თბილისი – 106
ავტორი – ირაკლი თავაძე