ბაქოს “დიდი მუზარადის” შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რამაც გარკვეული წარმატება მოგვიტანა. იმ წონებში, სადაც ბაქოში მედლები მოვიპოვეთ, რეიტინგში წინსვლაც საგრძნობია, ხოლო სადაც წავაგეთ, შედეგები ოდნავ გაუარესდა. თუმცა, ჯამში ახალ რეიტინგში უფრო მეტად მაინც საგრძნობი სიახლეები გვაქვს. უპირველესად, ძიუდოს აბსოლუტურ ლიდერად ანუ ქალთა და ვაჟთა წონების რეკორდსმენად კვლავაც ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81) რჩება 9275 ქულით – ასეთი მაჩვენებელი ამ 14 წონის ლიდერთაგან არავის არა აქვს, თუმცა თავისი “აჩრდილი”, ბელგიელთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მატიას კასე კვალში ახლოს კი უდგას – 9105 ქულა (9 000 მიჯნაზე ამ ორის გარდა სხვა არცაა გადაბიჯებული).
ვაჟებში 7 წონიდან უკლებლივ ყველაში შევდივართ განთესვის ზონაში ანუ მოწინავე 8 კაცში; 3-ში სულაც პირველზე ვართ – 81, 90, 100, ხუთში კი ხუთეულში ვართ – 60, 73, 81, 90 და 100 კილოგრამები. აი, იმ დარჩენილ ორ წონაში – 66-სა და მძიმეში ზედ ზღვარზე ვართ – მე-8 ადგილზე.
60 კგ. – ამ წონაში გიორგი სარდალაშვილის მიერ მაისში მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს დამსახურებით ჯერ ისევ ვრჩებით ხუთეულში – მან შეინარჩუნა მე-5 ადგილი, თუმცა ქულების შემატება მაინც აუცილებელია. ისე კი ჯერ სარდალაშვილს დიდი საფრთხე არ ემუქრება – ქულების უმეტესობა წლეულსაა მოპოვებული და კიდევ ერთი სეზონი არ გაუნახევრდება. არის 1-2 შედეგი, რაც წლეულს კი განახევრდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი 50%-იანებში გადაინაცვლებენ, სადაც ჩვენს ათლეტს ტურნირები აკლია კიდეც, რადგან ადრე ძირითადად ახალგაზრდებში გამოდიოდა, იქიდან კი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები ეთვლებოდა. თუმცა არის ერთი საჩოთირო გარემოება – საუკეთესო ექვსეულში მას ძალიან მაღალი ქულები აქვს ანუ თამასა მაღალზე ასწია და სამომავლოდ იმათზე უკეთეს შედეგს თუ არ აჩვენებს, ნაკლები მაჩვენებლები რეიტინგში არ შევა.
ბოლოდროინდელმა უქმობამ განთესვის ზონას გვარიანად დააშორა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი – 27-ეა იმის მიუხედავად, რომ ბაქოში მე-5 ადგილზე გასვლით 2 საფეხურით წინ წაიწია. 29-ეა თემურ ნოზაძე. ამათ გარდა, წონის 50 საუკეთესო ძიუდოისტში ჯაბა პაპინაშვილიც შედის, ვინც შეინარჩუნა 49-ე ადგილი, თუმცა, ამბობენ, რომ ის სამბოში გადადისო და ვნახოთ.
- რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) – 5410
- ბალაბაი აგაევი (აზერბაიჯანი) – 5409
- ჰარიმ ლეე (კორეა) – 5400
- ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) – 5360
- გიორგი სარდალაშვილი (საქართველო) – 4938
- ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) – 1986
- თემურ ნოზაძე (საქართველო) – 1843
- ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) – 933
66 კგ. – ევროპის ჩემპიონმა, ოლიმპიადის ფინალისტმა და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა ბაქოში კი წააგო, მაგრამ მაინც შეინარჩუნა მერვე ადგილი ანუ ზედ განთესვის ზღვარზეა. თუმცა მან ბოლო პერიოდში მაინც დაიხია უკან რა,დენიმე საფეხურით, ხოლო უახლოეს პერიოდში ქულების დაგროვებას თუ არ გააგრძელებს, რეიტინგში კიდევ უფრო მეტად დაქვეითდება. ამ შემოდგომაზე მას უკვე გაუნახევრდება-გაუნულდება გარკვეული ქულები.
სამწუხაროდ, დღეისათვის ამ წონაში სალიცენზიო ზონაში მოსახვედრად ჩვენი ერთადერთი იმედი მარგველაშვილია – 50-ეულში სხვა არავინ შედის. ჩვენგან მეორე გიორგი თუთაშვილია, ვინც 56-ეა და რეიტინგის ბოლო განახლებისას ისიც 3 ადგილით დაქვეითდა, ხოლო აქამდელი მეორე ნომერი, ევროპის მესამე პრიზიორი ბაგრატ ნინიაშვილი თანდათან ჩაიკარგა რეიტინგში.
- დენის ვიერუ (მოლდოვა) – 7535
- ბასხუუ იონდონპერენლეი (მონღოლეთი) – 5448
- ჰიფუმი აბე (იაპონია) – 4500
- ვალიდე ხიარი (საფრანგეთი) – 4208
- ბოგდან იადოვი (უკრაინა) – 4163
- ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) – 3894
73 კგ. – რეიტინგის სათავეს აქაც ნელ-ნელა დაშორდა საქართველოს ყველა დროის ყველაზე წარმატებული ძიუდოისტი – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, თუმცა ის მეოთხე ადგილზე მაინც რჩება. თან, ბაქოში მარცხის მიუხედავად, ეს პოზიცია მაინც შეინარჩუნა, ოღონდ რეიტინგის შევსებაზე თუ არ იზრუნა, მომავალში დაქვეითდება კიდეც. ოქტომბერში მას ორი შედეგი გაუნახევრდება და თან რეიტინგში ჯერ კიდევ რჩება 2021 წელს მოპოვებული შედეგები, რომლებიც ახლო მომავალში საერთოდ გაუქმდებიან. მათ ნაცვლად 2022-23 წლების შეჯიბრებათაგან ახლები კი შემოვლენ, მაგრამ ისინი ისედაც მცირე ქულებია და სასურველია უფრო “მსუყე ლუკმები”. მართალია, ქულები მის კონკურენტებსაც დააკლდებათ, თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ და სხვაზე ნუ ვიქნებით დამოკიდებულნი.
კონკურენციის მხრივ ამ წონაში 66-ვით არასახარბიელო ვითარება არაა – ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილიც შედის სალიცენზიო ზონაში, თუმცა 50-ეულში ამ ორის გარდა სხვა არავინაა და სასურველია, სათადარიგოები უფრო ბლომად გვყავდნენ.
რაც შეეხება ტერაშვილს, ბაქოში მან 160 ქულა მოიპოვა და 2 ადგილით დაწინაურდა. თან, მას 100%-იან და განახევრებულ ქულებში 6-6-ის ნაცვლად 5-5 შედეგი აქვს ანუ ნებისმიერი ოდენობის ქულა შევა 100%-იან ჩათვლაში.
- ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) – 6438
- სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) – 5630
- დანიელ კარგნინი (ბრაზილია) – 5457
- ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) – 5392
- ნილს სტუმპი (შვეიცარია) – 5313
- გიორგი ტერაშვილი (საქართველო) – 2499
81 კგ. – ამ წონაში სრულიად რეიტინგის მთავარი “ჯოკერი” კი გვყავს, თუმცა კონკურენციის თვალსაზრისით 66-ზე არანაკლები ვითარებაა – ლიდერის იქით ჯერჯერობით ბევრიც არაფერი ჩანს საიმედო. მცირე განსხვავება ისაა, რომ აქ ბოლო პერიოდში დიმიტრი გოჩილაიძე დაწინაურდა და 50-ეულში შედის.
გრიგალაშვილს მალე ორიოდ ტურნირის შედეგი კი გაუნახევრდება-გაუნულდება, თუმცა ამ მხრივ კიდევ უფრო ცუდ დღეშია მისი მდევარი კასე, ვისაც კიდევ უფრო მეტი შეჯიბრება მოუყვება “სეკვესტრში”. თან, საკმარისია, გრიგალაშვილმა სადმე მას ისევ მოუგოს პირადი შეხვედრა და კვლავ გვარიანად გაასწრებს. მით უფრო, რეიტინგიდან გამომდინარე, ისინი ჯერჯერობით უმეტესად ბადის სხვადასხვა მხარეს არიან და ძირითადად ფინალში ხვდებიან ერთმანეთს. ისე კი კასეს წამოწევის საშუალება გრიგალაშვილის ბოლოდროინდელმა წაფორხილებამ და დასვენებამ მისცა, რითაც კარგად ისარგებლა ბელგიელმა – ლამის ტურნირს არ ტოვებს. ოღონდ ქართველს ჯერ ტურნირებიც არ უჭიდავია ბევრი – 5-5 შეჯიბრებება აქვს ჩათვლაში.
თუმცა გრიგალაშვილთან დაკავშირებით ერთი მომენტიცაა: მან წინა 2 სეზონი ფორმის პიკში გაატარა და საკითხავია, რამდენ ხანს გაძლებს ასე. ვიქონიოთ იმედი, რომ უნგრეთში მსოფლიოს მასტერსზე მისთვის უჩვეულო შედეგი დროებითი ამბავია და არა ამ ტენდენციის გამოვლინება.
რაც შეეხება გოჩილაიძეს, ბაქოში მანაც 160 ქულა შეიმატა და ერთბაშად 8 საფეხურით აიწია ზევით.
- ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) – 9275
- მატიას კასე (ბელგია) – 9105
- გილერმე შიმიდტი (ბრაზილია) – 5230
- საედ მოლაი (აზერბაიჯანი) – 4973
- ფრანკოის დრაპე გაუტიერი (კანადა) – 4395
- დიმიტრი გოჩილაიძე (საქართველო) – 1245
90 კგ. – ესაა ერთადერთი წონა, სადაც რეიტინგის სათავეში ერთბაშად 2 ფალავანი გვყავს – მაისურაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. ამასთან, განთესვის 8-კაციან ზონაში ბექა ღვინიაშვილიც გვყავს. მართალია, 50-ეულში მეტი არავინ გვყავს, თუმცა ასეთ სამეულზე თვით იაპონიაც კი დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს.
ბუნებრივია, ქულების დაკლება ჩვენებსაც შეეხებათ, მაგრამ მათ ლიდერობას არაფერი ემუქრება. ამიტომ ამ წონაზე ბევრს არ ვისაუბრებთ.
- ლუკა მაისურაძე (საქართველო) – 7600
- ლაშა ბექაური (საქართველო) – 5760
- სანშირო მურაო (იაპონია) – 5530
- დავლატ ბობონოვი (უზბეკეთი) – 5398
- კრისტიან პარლატი (იტალია) – 4747
- ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) – 4178
100 კგ. – მიყოლებით მესამე წონა, სადაც რეიტინგის სათავეში ვართ, ეს კი მსოფლიოს პრიზიორ ილია სულამანიძის ნიჭის დამსახურებაა, ვინც ამ სეზონში თბილისის შემდეგ ბაქოში მეორედ მოიგო `დიდი მუზარადის~ ტურნირი. ის იმდენად მყარადაა დაფუძნებული ლიდერის ტახტზე, ძნელად, რომ იქიდან ჩამოინაცვლოს. ამასობაში ნელ-ნელა დაქვეითდა ვალერი ლიპარტელიანი, თუმცა სალიცენზიო ზონაში ჯერაც რჩება. ადრინდელი პოზიცია შეინარჩუნა ონისე სანებლიძემაც, ხოლო გიორგი ბერიაშვილი 1 საფეხურით დაქვეითდა.
- ილია სულამანიძე (საქართველო) – 7238
- ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი) – 5785
- მიხაელ კორელი (ნიდერლანდები) – 5566
- პეტერ პალჩიკი (ისრაელი) – 5201
- კილ რეიესი (კანადა) – 5003
- ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) – 3229
- ონისე სანებლიძე (საქართველო) – 2000
- გიორგი ბერიაშვილი (საქართველო) – 1140
+100 კგ. – ამ წონაშიც განთესვის მიჯნაზე ვართ და ესეც მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის ფინალისტმა, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ბაქოში ვერცხლისა და მით 700 ქულის მოპოვებით 5 ადგილით წაიწია წინ. არც ისე დიდი ხნის წინ აქაც ლიდერებში შევდიოდით, სულაც – სამეულში, თუმცა შემდეგ პოზიციები დავთმეთ. ბაქოში თუშიშვილმაც და გელა ზაალიშვილმაც საკმაოდ კარგად იჭიდავეს, რაც, ვიმედოვნებთ, შემობრუნების დასაწყისი გახდება.
ბაქოს შემდეგ ზაალიშვილიც დაწინაურდა – 2 ადგილით, საბა ინანეიშვილს კი იქ არ უჭიდავია, თუმცა შეინარჩუნა ადრინდელი 26-ე პოზიცია. 50-ეულში აქაც არ გვყავს მეტი მონაწილე. არადა, ადრე 5-6 მონაწილე გვყავდა.
თუშიშვილს ოქტომბერში გაუნახევრდება შარშან მსოფლიოზე მოპოვებული 1000 ქულა, ისე კი მას 50%-იან შედეგებში საკმარისი ოდენობის ტურნირები არც აქვს. ზაალიშვილს ორივეგან აკლია შეჯიბრებები, რაც ძირითადად კოვიდპანდემიამ გამოიწვია.
- თემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) – 7005
- ტაცურუ საიტო (იაპონია) – 5820
- ანდი გრანდა (კუბა) – 5554
- ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი) – 5320
- ინალ თასოევი (ნეიტრალური გუნდი) – 5000
- გურამ თუშიშვილი (საქართველო) – 4033
- გელა ზაალიშვილი (საქართველო) – 3566
- საბა ინანეიშვილი (საქართველო) – 1930
რაც შეეხებათ ქალებს, აქ სალიცენზიო ზონაში ორ წონაში შევდივართ -57-სა და მძიმეში. 57-ში ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა ეთერ ლიპარტელიანმა შეინარჩუნა მე-7 ადგილი, ხოლო მძიმეში სოფიო სომხიშვილიც დარჩა მე-18 საფეხურზე. ლიპარტელიანი ხომ მყარად დგას თავის პოზიციაზე და, დიდი იმედია, სომხიშვილიც კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს. მით უფრო, ჭიდაობის ხარისხი ბევრად გააუმჯობესა.
სხვა წონებიდან ლიცენზიის მოპოვების შანსი, ალბათ, ყველაზე მეტად 63-სა და 70-ში თუ გვაქვს, მაგრამ ორივეგან ახალგაზრდების იმედად ვართ. 63-ში ეთერ ასკილაშვილი გამოჩნდა კიდეც რეიტინგში, მაგრამ ჯერ 91-ეა, ნინო გულბანს (70) კი ჯერ ბევრი არც უასპარეზია უფროსებში. თუმცა ოლიმპიადაზე გუნდურში გამოსვლის კარგ შანსს მაინც ვინარჩუნებთ, რადგან გუნდურ რეიტინგში შეგვიძლია საგზურის მოპოვება.