379691416_1975383656153816_6451491857792308099_n

ბაქოში ლიპარტელიანმა გვიხსნა

ბაქოში 22 სექტემბერს დაწყებულ “ჰეიდარ ალიევის ბაქოს დიდ მუზარადზე” საქართველოს ნაკრებმა პირველ დღეს მხოლოდ 1 ვერცხლი მოიპოვა, რაც ქალთა გუნდის მონაგარია – ევროპის მესამე პრიზიორმა ეთერ ლიპარტელიანმა (57) მოიპოვა, ვაჟები კი უმედლოდ დაგვირჩნენ. თუმცა ბრინჯაოსთვის ლუხუმ ჩხვიმიანმა (60) იჭიდავა, მაგრამ გაფრთხილებებით მოხსნეს და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა. სხვა ჩვენი ძიუდოისტები ამ დღეს კიდევ უფრო ადრე გავარდნენ და სანუგეშომდეც ვერავინ მივიდა.

ბოლო პერიოდში ეთერ ლიპარტელიანს გუნდურში კი ჰქონდა წარმატებები – გამარჯვება მესამე ევროპულ თამაშებში, ბრინჯაო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ პირადში მისი ბოლო მედალი მარტში ტაშკენტის “მუზარადზე” მოპოვებული ვერცხლი იყო. ამ პერიოდში რეიტინგშიც ცოტათი დაქვეითდა – მე-4 საფეხურიდან მეშვიდემდე ჩაჩოჩდა, მაგრამ, ჩანს, ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა, ამჯერად ჩვენ ძველი დრო გაგვახსენა, თავად – მედალი მოიპოვა და ამ წარმატებით რეიტინგშიც გვარიანად დაწინაურდება.

ბაქოში ლიპარტელიანი თავიდან ისვენებდა, მისი პირველი მეტოქე კი ბრაზილიელი ჯესიკა ლიმა იყო, ვისთანაც აქამდე თითო მოგება-წაგება ჰქონდა. თუმცა კი ბოლო პაექრობა მის სასარგებლოდ იყო და ტენდენცია გააგრძელა: დამატებით დროში ქამრიდან ჩავლებულზე ისე წამოსწია, ბრუნზე უპირებდა დატრიალებას, მაგრამ, ვგონებთ, ძალა არ ეყო და ისევ გვერდზე გადაიქნია – იპონი. მეორე შეხვედრაში ფრანგ ჩლო დევიქტორს იელთზე შესვლის მცდელობა დაუბლოკა და ქამრიდან აყვანილი მაღალი ტრაექტორიით ისე გამეტებით დააბერტყა ტატამს, სულ ჰაერში ააფრიალა – ვაზარი. მეოთხედფინალში პორტუგალიელთა ოლიმპიურ პრიზიორს, ევროპის ოთხგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ამდენივეგზის ფინალისტ ტელმა მონტეიროს დგომში ქამრიდან აუღო ჩავლება და შიგნიდან ჩახვეული ფეხით პირდაპირ იპონზე დააგდო, ნახევარფინალში კი მშვენიერი გდებებით ორი ვაზარი აართვა რუს დარია კურბანმამადოვას. ლიპარტელიანმა ფინალშიც იბრძოლა, თუმცა ვერაფერს გახდა ძლიერსა და მისთვის უხერხულ მეტოქესთან, კოსოვოელთა ოლიმპიურსა და ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოს მესამე პრიზიორ ნორა გიაკოვასთან – აქამდე მას 4-ჯერ შეხვდა და ყველა წააგო. ჩვენდა სამწუხაროდ, მეხუთე პაექრობაც კოსოვოელის გამარჯვებით დასრულდა – ვაზარი, თუმცა ჩვენი ქალთა ძიუდოსთვის ვერცხლიც ამხელა წარმატებაა. მით უფრო – ამ რანგის ტურნირზე, რაც გვარიანად დაეტყობა მის რეიტინგს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ჩხვიმიანმა პირველივე წრეში ძლიერი მეტოქე დაამარცხა – პირველ ნომრად განთესილი მასპინძელი ბალაბაი აგაევი: ჯერ კონტრილეთით ვაზარიზე ჩაატრიალა, მოგვიანებით კი მტკივნეულზე დაიჭირა და ხელის დარტყმა აიძულა. იტალიელი ანდრეა კარლინო დამატებით დროში ვაზარიზე დააგდო. თურქ სალიჰ ილდიზზსაც ვაზარით აჯობა, როცა მაჯებიდან ჩავლებული მიწოლით უკან გადაძალა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსთა მომავალ ფინალისტ ჰამზათ ზაირბეკოვთან წააგო. სამწუხაროდ, ჩვენი ფალავანი ბრინჯაოსთვის პაექრობაშიც დამარცხდა ფრანგ რომაინ რიკარდ ვალადიერთან – გაფრთხილებებით მოხსნეს.

მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი სარდალაშვილი (66) მასპინძელ ნაზირ ტალიბოვს ვაზარით გაცდა, თუმცა იქვე წააგო რუსთა მომავალ ჩემპიონ რამაზან აბდულაევთან.

ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66) პირველივე შეხვედრაში ორი ვაზარით დამარცხდა ტაჯიკ ნურალი ემომალისთან (აღსანიშნავია, რომ მასთან წინა ტურნირზეც – მსოფლიოს მასტერსზეც ასევე პირველივე შეხვედრა წააგო). ამავე წონაში – 66-ში ერთი შეხვედრა მოიგო ლაშა ნადირაძემ: კორეელ მიონგჯინ კიმს ვაზარით აჯობა, თუმცა მერე იპონი გაუშვა ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან.

დღეს ქალებშიც გვყავდა მეორე მონაწილე – მარი მახარაშვილი (52), ვინც პირველივე შეხვედრა წააგო ბელგიელ ამბერ რიჰეუსთან.

23 სექტემბერს “მუზარადისთვის” ბრძოლაში ვაჟებში 73-81, ხოლო ქალებში 63-70 კილოგრამების წარმომადგენლები ჩაებმებიან, თუმცა ჩვენ ქალებში მონაწილე არ გვეყოლება.

73-ში ორი ფალავანი გვყავს – ნაკრების პირველ-მეორე ნომრები, პირველ წრეში კი მხოლოდ გიორგი ტერაშვილი იჭიდავებს – თურქ ბაირამ კანდემირთან. მოგებულს შემდეგ ეტაპზე ლატვიელი აბულფაზ ნასიპოვსი ელოდება.

ნაკრების ლიდერი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მეორე წრიდან ჩაებმება გათამაშებაში, სადაც მასპინძელ ნურლან ოსმანოვსა და გვინეა ბისაუელ დიოგო ცესარს შორის მოგებულს შეხვდება.

81-შიც 2 ათლეტი გვყავს; საქართველოს ჩემპიონი ზაურ დვალაშვილი პირველივე წრეში ნეიტრალური გუნდის რუსს – ტიმურ არბუზოვს შეხვდება, გამარჯვებული კი შემდეგ წრეში თურქთა ქართველ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს მესამე პრიზიორ ვედატ ალბაირაქს დაუპირისპირდება.

საქართველოს პრიზიორი დიმიტრი გოჩილაიძე მეორე წრეში ჩაატარებს პირველ შეხვედრას ჩეხ ადამ კოპეცკისთან. მოგებულს მერვედფინალში შესაძლო მეტოქეთა შორის კენია კოჰარაც ჰყავს.

ძიუდო. “ჰეიდარ ალიევის ბაქოს დიდი მუზარადი”. 22 სექტემბერი. ბაქო.
ვაჟები
60 კგ. 1. რამაზან აბდულაევი; 2. ჰამზათ ზაირბეკოვი (ორივე – ნეიტრალური გუნდი); 3. ვონ ჯინ კიმი (კორეა), რომაინ რიკარდ ვალადიერი (საფრანგეთი); 5. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო).
66 კგ. 1. იაშარ ნაჯაფოვი (აზერბაიჯანი); 2. ტაკეში ტაკეოკა (იაპონია); 3. დენის ვიერუ (მოლდოვა), დავიდ გარსია ტორნე (ესპანეთი).
ქალები
48 კგ. 1. ასუნტა სკუტო (იტალია); 2. ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი); 3. საბინა გილიაზოვა (ნეიტრალური), შირინ ბოუკლი (საფრანგეთი).
52 კგ. 1. კისუმი ომორი (იაპონია); 2. დისტრია კრასნიჩი (კოსოვო); 3. რეკა პუპი (უნგრეთი), ოდეტა ჯიფრიდა (იტალია).
57 კგ. 1. ნორა გიაკოვა (კოსოვო); 2. ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო); 3. ტიმნა ნელსონ-ლევი (ისრაელი), პრისცილა გნეტო (საფრანგეთი).

მსგავსი სიახლეები