380675519_847015050432008_3710683840627168845_n

ბაქოში 17 სპორტსმენით

22-24 სექტემბერს ბაქოს ტანვარჯიშის ცენტრი “ჰეიდარ ალიევის ბაქოს – დიდ მუზარადს” უმასპინძლებს, რომელშიც 61 ქვეყნის 446 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა, რომელიც ადრე გამოცხადებული 17-კაციანი გუნდით იასპარეზებს – 14 ვაჟი და 3 – ქალი.

22 სექტემბერს 48, 52 და 57 კილოგრამების ქალები და 60-66-ის ვაჟები იჭიდავებენ. 60-ში ორი ტიტულოვანი მონაწილე გვყავს, რომლებიც პირველივე წრეში იჭიდავებენ და ორივე მასპინძელს შეხვდება: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი ბალაბაი აგაევს შეხვდება, მსოფლიოს მესამე პრიზიორი გიორგი სარდალაშვილი – ნაზირ ტალიბოვს. ჩხვიმიანის წყვილში გამარჯვებული შემდეგ ბრაზილიელ რიან კონცეიცაოს და იტალიელ ნადრეა კარლინოს შორის მოგებულს შეხვდება, სარდალაშვილს კი გამარჯვების შემთხვევაში ახალ მეტოქედ თურქი მირჰაჩ აკუსი ან ნეიტრალურ ათლეტთა გუნდის წევრი რამაზან აბდულაევი ეყოლება. ამავე ჯგუფშია ახალგაზრდებში ფრანგთა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი რომაინ რიკარდ ვალადიერიც. აკუსი ჭაბუკებში “სისხლს გვიშრობდა”, თუმცა სარდალაშვილი ჯერ არ შეხვედრია მას, ფრანგს კი ორჯერ შეხვდა და ორივე წააგო. ფრანგმა 2021 წელს ახალგაზრდული ევროპის ფინალშიც დაამარცხა ჩვენებური.

66-შიც ორი კაცი გვყავს და ორივე მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში. ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩსა და ტაჯიკ ნურალი ემომალის შორის მოგებულს შეხვდება, ამ ჯგუფში კი ყურადღებას იქცევენ ნეიტრალური გუნდის წევრი არბეკ ნაგუჩევი, ფრანგი მაქსიმ გობერი და ებრაელი ტალ ფლიკერი.

ლაშა ნადირაძის პირველი მეტოქე თურქი მუჰამედ დემირელი ან კორეელი მიეონგჯინ კიმი იქნებიან.

52-ში მარი მახარაშვილი იჭიდავებს, ვინც პირველ წრეში ბელგიელ ამბერ რიჰეუს ხვდება, თუმცა ამ წყვილის გამარჯვებულს მერე ბრიტანელი ჩელსი ჯაილსი ელოდება.

ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57) მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში, სადაც ბრაზილიელ ჯესიკა ლიმას შეხვდება. ეს მათი მესამე პაექრობა იქნება, წინა ორში კი თანაფარდობაა, თუმცა ის კი ჩვენთვის ოდნავ კარგია, რომ ბოლო შეხვედრა ლიპარტელიანმა მოუგო. ამ ჯგუფში საკმაოდ ძლიერები მოგროვდნენ: პორტუგალიელთა ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ამდენივეგზის ფინალისტი, ოლიმპიური პრიზიორი ტელმა მონტეირო, პოლონელი ჟულია კოვალცზიკი და ბრიტანელი მსოფლიოს ფინალისტი ნეკოდა სმიტ-დევისი. საინტერესოა, რომ მან ბაქოში მოიპოვა ეს მედალი 2018 წელს. ლიპარტელიანი პოლონელს 4-ჯერ შეხვდა და ბოლო 3 პაექრობა მოუგო, ბრიტანელთან წლეულს იჭიდავა პირველად – თბილისში და წააგო, ხოლო მონტეიროს არ შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები