21-24 სექტემბერს ბელგრადში, მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები იასპარეზებენ. ჩვენი ნაკრები აქაც სრული გუნდით და უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ფორმატი კი “თავისუფლებისგან” ოდნავ განსხვავებულია – პირველ დღეს აქაც 4 წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ, მომდევნო ორ დღეში კი – 3-3. 24 სექტემბერს ბოლო საფინალო დღეა. აბსოლუტურად იდენტურია ოლიმპიური ლიცენზიების განაწილების პრინციპი: – აქაც 6 ოლიმპიური წონაა: 60, 67, 77, 87 97 და 130. წონაში აქაც 5-5 საგზური გაიცემა, რომელსაც ოთხივე მედალოსანი ულაპარაკოდ მოიპოვებს (უფრო სწორად – მათი ქვეყანა, რადგან ჭიდაობაში ლიცენზია ეკუთვნის ფედერაციას და არა – სპორტსმენს, არაა სახელობითი), მეხუთე ადგილზე გასულები კი ერთმანეთში იჭიდავებენ და გამარჯვებული მიიღებს მე-5 საგზურს.
21 სექტემბერი
პირველ დღეს ანუ 21 სექტემბერს 55, 77, 82 და 130 კილოგრამების წარმომადგენლები იასპარეზებენ. აქედან 77 და 130 ოლიმპიური წონებია.
მსოფლიოს ხობელი ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია (55) განთესვის წყალობით საკვალიფიკაციო ეტაპსაც გამოტოვებს და თან უხერხული მეტოქე, აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ელდანიზ აზიზლიც ბადის მეორე მხარეს ჰყავს ანუ ფინალამდე არ ხვდება. ამის მიუხედავად, ის არცთუ იოლ ბადეშია.
მერვედფინალში წურწუმიას მეტოქე ახლავეა ცნობილი – ალჟირელი მოჰამედ იაცინ დრიდი, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი ნეიტრალური გუნდის რუსი წევრი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი კაბალოევი, ჩინელი იუნფეი ჰუ და ასაკობრივებში მოლდოველი ევროპის მესამე პრიზიორი არტიომ დელეანუ. ბადის ამავე მხარეს არიან უზბეკთა მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ჯასურბეკ ორტიკბოევი და რუმინელთა ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი დენის ფლორინ მიჰაი. ამათგან ორტიკბოევს წურწუმიამ შარშანდელ მსოფლიოზე ნახევარფინალში მოუგო.
საკვალიფიკაციოს გამოტოვებს ოზურგეთელი ევროპის ფინალისტი იური ლომაძეც (77), თუმცა მაინც საკმაოდ ძლიერ ბადეშია, ვინაიდან მის მხარეს არიან ირანელთა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი მოჰამადალი აბდოლჰამიდ გერაი და თურქთა ევროოისა და მსოფლიოს შარშანდელი მესამეადგილოსანი იუნუს ემრე ბასარი. ესენი მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის არიან (თუმცა იქ კიდევ რამდენიმე საყურადღებო ფალავანია), ნახევარფინალის მოსალოდნელ მეტოქეთა შორის კი ყირგიზთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი აკჟოლ მახმუდოვია. ლომაძე პირველ შეხვედრას ნეიტრალური გუნდის ბელარუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ პაველ ლიახთან ჩაატარებს (ამ გუნდის რუსი წევრიც ამის მხარესაა). მას არც მეორე წრის გავლა უნდა გაუჭირდეს, დანარჩენი კი ვნახოთ, რამდენად კარგადაა მომზადებული ამ ტურნირისთვის.
განთესვის დამსახურებით, მერვედფინალიდან ჩაებმება შეჯიბრებაში აჭარის წამომადგენელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გელა ბოლქვაძე, მისი პირველი მეტოქე კი 23-წლიანებში გერმანელთა ჩეჩენ მსოფლიოს ჩემპიონსა და ევროპის პრიზიორ იდრის იბაევსა და სომეხთა 35 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ მაქსიმ მანუკიანს შორის გამარჯვებული იქნება. იმედია, ბოლქვაძე ამ ბარიერს გაივლის და გამორჩეულად ძლიერი არც მერე არ ეყოლება არავინ: მოლდოველი მიჰაი ბრადუ, ავსტრიელი მიხაელ ვაგნერი ან მექსიკელი ხოსე ანდრეს ვარგას რუედა. ეს – მისი ბადის ქვედა მხარეს ანუ მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა სიაში ხდება, ზედა მხარეს ანუ ნახევარფინალის მოსალოდნელ მეტოქეებში ირანელთა აზიის წლევანდელი მესამე პრიზიორი ალირეზა აზიზხოონ მომადიპიანი და უკრაინელი იაროსლავ ფილჩაკოვი, ვინც ბოლქვაძეს შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო. ბადის ამ მხარესაა სერბი ბრანკო კოვაჩევიჩიც, ვინც ტიტულოვანი ნამდვილად არაა, მაგრამ მასპინძლებს რამხელა მხარდაჭერა აქვთ, შარშანაც ვნახეთ ბელგრადშივე გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე და წლეულსაც – “თავისუფალთა” ტურნირში.
წყალტუბოელი ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი იაკობ ქაჯაია (130) საკვალიფიკაციოშივე იჭიდავებს აზერბაიჯანელთა ქართველ ბექა კანდელაკთან. ქაჯაია ბადეში თურქთა მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის 13-გზის (ევროპული თამაშების ჩათვლით) ჩემპიონსა და ოლიმპიადის ვერცხლ-ბრინჯაოს მედალოსან რიზა კაიაალპის მხარესაა – მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. ბადის ამ მხარეს სხვებიც არიან ძლიერები, თუმცა მთავარი მაინც თურქია.
22 სექტემბერი
ამ დღეს იჭიდავებენ 60, 72 და 97 კილოგრამების ფალავნები. ამათგან 60 და 97-ია ოლიმპიური კატეგორიები.
ჯგუფში ყირგიზთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან – ჟოლამან შარშენბეკოვთან მოხვდა ხულოელი ფრიდონ აბულაძე (60), ოღონდ იმაზე ბევრად უფრო ახლოს, ვიდრე ლომაძე – მახმუდოვთან: შესაძლოა, უკვე მეორე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს. მანამ აბულაძე, ვინც საკვალიფიკაციოს გამოტოვებს მექსიკელ სამუელ გურია ვიგუერასსა და შვედ ვირჯილ ალექსანდერ ბიკას შორის მოგებულს უნდა დაეჭიდოს და თუ მოუგებს, მერე დაეჭიდება შარშენბეკოვისა და ლიეტუველი იუსტას პეტრავიჩიუსის დუეტში გამარჯვებულთან. ბადის ამ მხარეს არიან თურქთა ევროპის ჩემპიონი კერიმ კაზიმ კამალი, ასევე ირანელი ფალავანი და სხვები.
საკვალიფიკაციოს გამოტოვებს ხელვაჩაურელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი რამაზ ზოიძეც (72), თუმცა მის მხარეს არიან მსოფლოს შარშანდელი პირველობის ფინალისტები – მასპინძელთა ნატურალიზებული ირანელი ჩემპიონი ალი ფეიზოლა არსალანი და აზერბაიჯანელი ფინალისტი ულვი განიზადე. ზოიძე მერვედფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მოლდოველთა მსოფლიოს ფინალისტ დანიელ კატარაგას და იაპონელ შინგო ჰარადას წყვილში უძლიერესს შეხვდება. მას თუ მოუგებს, მერე განიზადეს შეიძლება შეხვდეს, მასპინძელი კი ნახევარფინალის გზაზე ჰყავს.
ახალგაზრდებში სამტრედიელი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი მელიაც (97) მერვედფინალიდან, საკვალიფიკაციოს გამოტოვებით ჩაებმება ტურნირში, თუმცა იქ ნორვეგიელთა ევროპის ჩემპიონ ფელიქს ბალდაუფის ხვდება. მას თუ მოუგებს, მომდევნო წრეში არც ისე ძლიერი მეტოქეები ხვდებიან – ჰონდურასელი, ინდოელი ან შვედი ფალავნებიდან ერთ-ერთი. მეოთხედფინალის გზაზე სხვებთან ერთად ირანელთა მსოფლიოს ჩემპიონი და შარშანდელი მესამე პრიზიორი, ოლიმპიური პრიზიორი მოჰამადჰადი აბდოლაჰ სარავი ჰყავს, ნახევარფინალისაში კი – რუსთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი არტურ სარგსიანი და უზბეკთა 39 წლის (!) მსოფლიოს ფინალისტი რუსტამ ასაკალოვი, ვინც, ასაკის მიუხედავად, ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველივე წრეში ლაშა გობაძე დაგვიმარცხა. ბადის ამ მხარესაა იტალიელთა ნიკოლოზ კახელაშვილიც, ხოლო სერბთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი, ევროპის ადრინდელი ფინალისტი და წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი მიხეილ ქაჯაია (იაკობ ქაჯაის ბიძაშვილი) – მეორე მხარეს.
23 სექტემბერი
ამ დღეს სერბული ლეიბი 63, 67 და 87 კილოგრამების ფალავნებისთვის გაიშლება. ამათგან ბოლო ორი ოლიმპიური წონაა. თუმცა ჩვენი მთავარი იმედი, მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის ფინალისტი და ევროპის ბოლო ორგზის ჩემპიონი, ხულოელი ლერი აბულაძე არაოლიმპიურ 63-ში გამოდის. ის რეიტინგის ლიდერიცაა, პირველ ნომრადაა განთესილი და ბელგრადში თავიდან ისვენებს, მაგრამ მერვედფინალში განუთესავი თურქი ევროპის მესამე პრიზიორი ენეს ბასარი ერგო. თუმცა ჯერ ის იაპონელ რიუტა იკედას ხვდება. დიდად ტიტულოვანი არც ერთი არაა, მაგრამ თურქი ძლიერი სკოლის წარმომადგენელია, იაპონელებს კი (ზოგადად – აზიელებს) მჩატე წონები ძლიერები ჰყავთ და აჯობებდა, აბულაძეს გასახურებლად გაცილებით სუსტი მეტოქე შეხვედროდა. აბულაძეს მეოთხედფინალში გასვლისას ამათზე უფრო სუსტთან მოუწევს პაექრობა, ნახევარფინალის მოსალოდნელ კონკურენტებს შორის კი ახალგაზრდა რუსი ასტემირ ბიჟოევია, თუმცა მასზე ბევრს ვერაფერს გეტყვით იმის გარდა, რომ რუსეთის ჩემპიონია. აზერბაიჯანელებმა წლეულს ტალეხ მამადოვის ნაცვლად ვინმე მურად მამადოვი დააყენეს, სერბებმა კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ნადის (მან მოუგო აბულაძეს შარშანდელი ფინალი) მაგივრად ქვედა წონიდან ევროპის პრიზიორი გიორგი თიბილოვი ამოსწიეს.
ხობელი ევროპის წლევანდელი ფინალისტი ჯონი ხეცურიანიც (67) რეიტინგის ლიდერია. ისიც პირველ ნომრადაა გათესილი და თავიდან ისიც ისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი ბულგარელი ივო კრასიმიროვ ილიევი იქნება. ბადეში მასთან ახლოსაა ნეიტრალური გუნდის ორივე წევრი – ბელარუსი ალიაკსანდრ ლიავონჩიკი და რუსი ასლან ვისაიტოვი. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის ასევე არიან ყაზახთა 35 წლის მსოფლიოს ფინალისტი და მსოფლიოს 4-გზის ბრინჯაოს მედალოსანი ალმატ კებისპაევი და ყირგიზთა მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი ამანტურ ისმაილოვი. ნახევარფინალის მოსალოდნელ მეტოქეებში სერბთა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი მატე ნემესი და კუბელთა ოლიმპიური ჩემპიონი (თუმცა კი მაშინ 60-ში ჭიდაობდა) ლუის ალბერტო სანჩეს ორტაც არიან.
ხულოელი მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გობაძე (87) საკვალიფიკაციოშივე იჭიდავებს იორდანიელ სულთან ალი მოჰდ დამენ ეიდთან, ამათში მოგებულს კი შემდეგ წრეში ხორვატი ივან ჰუკლეკი ელოდება. იორდანიელი თავისთავად და გობაძის დონის მოჭიდავისთვის არც ხორვატია დაუძლეველი ზღუდე. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეებში შვედთა ბერძენი მსოფლიოს ფინალისტი და ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი ალექსანდროს მიშელ ბიურბერგ კესიდისი და 23-იანებში სომეხთა ევროპის ჩემპიონი გევორგ თადევოსიანი ჰყავს, ხოლო ნახევარფინალისაში – უნგრელთა მსოფლიოს შარშანდდელი მესამე პრიზიორი დავიდ ლოსონჟი, ბელარუსთა მსოფლიოსა და ევროპის ფინალისტი კირილ მასკევიჩი და აზერბაიჯანელთა ევროპის ფინალისტი ისლამ აბასოვი. ამ წონაში ამჯერად არ ჭიდაობს მასპინძელთა ქართველი ლიდერი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ზურად დათუნაშვილი.