379428944_279721891576795_3829382500137143632_n

დავრჩით ულიცენზიოდ, ველოდებით ოქროს

ჩვენთვის დიდად წარმატებული არც ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე აღმოჩნდა: ბელგრადში მიმდინარე ამ ტურნირზე ვერც ფრიდონ აბულაძე (60) გავიდა დამამშვიდებლის ფინალში ანუ ამ წონაში მედლისა და, შესაბამისად, ლიცენზიის გარეშე დავრჩით, ხოლო ამ დღეს მოჭიდავე სამეულიდან ფინალის საგზური ლერი აბულაძემ (63) მოიპოვა, სხვები კი უმედლოდ დარჩნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სერბეთში ბერძენ-რომაელები ლიცენზიის გარეშე დარჩნენ, მედალი კი, მაქსიმუმ, 2 გვექნება. საკითხავი მხოლოდ მისი ხარისხია – გავაუმჯობესებთ თუ არა ნუგზარ წურწუმიას (55) შედეგს და ოქროს მოვიპოვებთ, თუ ისევ ვერცხლი დაგვრჩება?

ვიდრე მოგებულ აბულაძეზე ვისაუბრებდეთ, მანამ მის მოგვარეზე, წაგებულ აბულაძეზე ვთქვათ – ფრიდონზე, რომლისგანაც დღეს მედალსაც ველოდით და – ლიცენზიასაც. სამწუხაროდ, ორი კურდღის მადევარივით დაგვემართა…

ხულოელი ფრიდონ აბულაძემ სანუგეშოში პირველი პაექრობა კი მოიგო – ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩიუსს 2:1 აჯობა, მაგრამ უზბეკთა მომავალ მესამე პრიზიორ ისლომჯონ ბახრამოვთან ვერაფერს გახდა – 4:7 წააგო.

ნათქვამია, ღმერთი სამობითააო და ხულოელი ლერი აბულაძეც ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში. ვინძლო, ახლა მაინც აისრულოს საწადელი! ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მურად მამადოვია, აზერბაიჯანი და მამადოვი კი აბულაძისთვის ფინალისთვის კარგად ნაცნობი და წარმატებით დატესტილი მოცემულობაა: მსოფლიოს ფინალში ის აქამდე არც აზერბაიჯანელს შეხვედრია და არც – მამადოვს, აი, ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორ ფინალში კი აზერბაიჯანელი მამადოვი დაამარცხა. ოღონდ ის ტალეჰ მამადოვი იყო, ეს კი ქვედა წონიდან ამონაცვლებული მურად მამადოვია და ზურგის ქარი ვუსურვოთ მასთან შეხვედრაში ჩვენს ნიჭიერ ფალავანს. ისე, საცა სამართალია და შარშანდელი მსოფლიოც ბელგრადში რომ არ ყოფილიყო, ვინძლო, აბულაძეს უკვე ჰქონოდა პლანეტის ჩემპიონის ტიტული – არაფერს ვამბობ შარშანწინდელ ფინალზე ირანელ მეისამ დალხანისთან, სადაც მეტოქემ ჭიდაობით გვაჯობა, მაგრამ შარშან სერბ სებასტიან ნადს შეხვდა და იქნებ დიდი არა, მაგრამ მსაჯების გარკვეული მიკერძოება იყო მასპინძელისადმი. სამაგიეროდ, ახლა არც ირანელი ჰყავს ფინალში, არც – მასპინძელი და მშვენიერი შანსი ეძლევა, დანაკარგი აინაზღაუროს. თუმცა კი დღეს მან თავისი საუკეთესო თვისებები ვერ წარმოაჩინა – დგომიდან ილეთები, პრაქტიკულად, არ გაუკეთებია (ვგონებთ, არც კი უცდია), როცა მშვენიერი ტექნიკის პატრონია; ვერც ჩოქბჯენში გამოიჩინა თავი და დატრიალებები უჭირდა; თან ფიზიკურადაც რაღაც ძალიან იღლებოდა… არადა, ეს კომპონენტები მისი კოზირია. იმედია, ხვალამდე, ფინალურ ბლოკამდე ეს ყველაფერი გამოსწორდება.

აბულაძემ ბელგრადში გამოსვლა ამჯერად ცოტა მძიმედ დაიწყო და თავიდან ორი დაძაბული შეხვედრა მოიგო: თურქთა ევროპის მესამე პრიზიორ ენეს ბასარს 4:3 მოუგო, ხოლო უკრაინელ ოლექსანდრ ჰრუშინთან სულაც ფრედ, 1:1 დაასრულა პაექრობა და ბოლო ქულის წესმა უშველა. თურქთან შეხვედრა საკმაოდ უღიმღამოდ დაიწყო – დიდი ჟინი არც ერთს არ ეტყობოდა, თუმცა აბულაძე ოდნავ უფრო აქტიური ორივე – უფრო სწვებოდა, შემტევის იმიჯს იქმნიდა მაინც, ბასარი კი უკან-უკან გადიოდა და მუდმივდა დაცვაში იდგა. ამიტომ სავსებით დამსახურებულად დასაჯეს პასიურობისთვის ქულით და ჩოქბჯენშიც დააყენეს, სადაც აბულაძე, თავისი შანსი კარგად გამოიყენა – საკმაოდ იოლად დაატრიალა და 3:0 დაწინაურდა. მეორე პერიოდში ყველაფერი პირიქით მოხდა – პასიურობისთვის უკვე აბულაძე დაისაჯა ქულით, ბასარიმ კი ჩოქბჯენიდან დაატრიალა, თუმცა არც ისე კარგად – მან კვლავ გააგრძელა ჩოქბჯენში შეტევა და მეორედაც აქაჩა დასატრიალებლად, მაგრამ აბულაძემ დაუხურა, ამოვიდა, ზურგზეც მოექცა, თუმცა ვიდრე ჩაყვანას დააფიქსირებდა, მეტოქე წრიდანაც გაექცა და მხოლოდ 1 ქულა მიიღო. საბოლოოდ, შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც ეს გამოდგა. უკრაინელთან კი ყველაფერი ნაცნობი სცენარით წარიმართა – თითო პერიოდში ორივე დაისაჯა თითო ქულით პასიურობისთვის, ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალეს და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეორე პერიოდში ქულით მეტოქე დასაჯეს, რაც ჩვენთვის ბოლო და გამარჯვების მომტანი ქულა აღმოჩნდა.

აბულაძემ ნახევარფინალში ფრანგი სტეფან როჯერ კლემენტი დაამარცხა – 3:1. აქაც ყველაფერი ჩოქბჯენმა გადაწყვიტა და წინა შეხვედრიდან ნაცნობი სცენარიც ვიხილეთ: მეტოქეები მორიგეობით დასაჯეს ქულით პასიურობისთვის და მეორედ ეს ისევ კონკურენტს ხვდა წილად; ჩოქბჯენიდან კვლავაც ვერც ერთმა ვერ დაატრიალა და ანგარიში ისევ 1:1 გახდა ისევ ჩვენს სასარგებლოდ. თუმცა მეორე პერიოდში აბულაძე პასიურობისთვის მეორედაც დააყენეს ჩოქბჯენში (განმეორებითზე ქულას აღარ აძლევენ), ფრანგმაც წაიღო დასატრიალებლად, მაგრამ აბულაძემ ამჯერადაც დახურა მეტოქის მოძრაობა, იქით გადაიყვანა და კინაღამ ბეჭებზეც დააწვინა, თუმცა ანგარიშში მაინც დაწინაურდა – 3:1. ეს უპირატესობა ბოლომდეც შეინარჩუნა და ზედიზედ მესამედ გავიდა პლანეტის პირველობის ფინალში.

გამოსვლა კარგად დაიწყო ხობელმა ევროპის წლევანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ჯონი ხეცურიანმა (67): ბულგარელ ივო კრასიმიროვ ილიევს 7:0 მოუგო, ნეიტრალური გუნდის ბელარუს ალიაკსანდრ ლიავონჩიკს 5:1 აჯობა, მეოთხედფინალში კი წმინდად, 0:10 წააგო ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან. სამწუხაროდ, ნახევარფინალში ყირგიზიც დამარცხდა და ჩვენ არა მარტო მედლის, ლიცენზიის მოპოვების იმედიც გადაგვეწურა.

ხულოელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა გობაძემაც (87) ძლიერი სტარტი აიღო, თუმცა მეტოქეც არ ჰყავდა ძლიერი – საკვალიფიკაციოში იორდანიელ სულთან ალი მოჰდ დამენ ეიდს 8:1 მოუგო, შემდეგ ხორვატ ივან ჰუკლეკს 6:2 აჯობა, მერვედფინალში კი 1:3 წააგო ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან. ბულგარელი ნახევარფინალში კი გავიდა, თუმცა იქ დამარცხდა და ამ წონაშიც დავკარგეთ მედლისა და ლიცენზიის იმედი.

წინა დღისა არ იყო, უსენსაციოდ არც ამ ფინალურ ბლოკს ჩაუვლია: გუშინ თუ სენსაციად თურქ რიზა კაიაალპის (130) წაგება იქცა, დღეს მოულოდნელი იყო სომეხთა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის, ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ალექსანიანის (97) მარცხი 24 წლის კუბელ გაბრიელ ალეხანდრო როსილო კინდელანისთან, ვისი აქამდელი ყველაზე დიდი მიღწევაც 2019 წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვება იყო. თუმცა ეს კია, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა – 3:3, მაგრამ ქულის უპირატესობა კუბელს ჰქონდა.

მოკლედ, ალექსანიანმა ტიტული ვერ შეინარჩუნა. სამაგიეროდ, შეინარჩუნა ყირგიზმა ჟოლამან შარშენბეკოვმა (60). გუშინმა მისმა თანამემამულე აკჟოლ მახმუდოვმაც (77) შეძლო იგივე, ყირგიზთა გარდა კი ეს მხოლოდ აზერბაიჯანელმა ელდანიზ აზიზლიმ (55) შეძლო ჩვენს ხარჯზე. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ცხადია, რომ დარჩენილ 3 წონაში, სადაც ფინალები ხვალ გაიმართება, ახალი ჩემპიონები იქნებიან და დავიტოვოთ იმედი, მათ შორის ქართული გვარ-სახელიც გამოჩნდება.

60 კილოგრამში ზედიზედ მეორედ ავიდა კვარცხლბეკზე იაპონელი კენიჩირო ფუმიტა, ოღონდ მესამედან წლეულს მეორე ადგილზე აინაცვლა და საოლიმპიადოდ ისიც სერიოზულ განაცხადს აკეთებს. 97-შიც ზედიზედ მეორედ გახდა მედალოსანი ირანელი მოჰამადჰადი აბდოლაჰ სარავი, თუმცა ის ამჯერადაც მესამეზე გავიდა, ამ წონაში კი დღის მთავარი სიახლე რომ მოხდა, უკვე გითხარით.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბელგრადი. 23 სექტემბერი
60 კგ. 1. ჟოლამან შარშენბეკოვი (ყირგიზეთი); 2. კენიჩირო ფუმიტა (იაპონია); 3. ლიგუო ცაო (ჩინეთი), ისლომჯონ ბახრამოვი (უზბეკეთი); 10. ფრიდონ აბულაძე (საქართველო)
72 კგ. 1. იბრაჰიმ მაჰმუდ ჰამედ ჰასან განემი (ირანი); 2. რობერტ ატილა ფრიტჩი (უნგრეთი); 3. სელჯუკ ჯანი (თურქეთი), ალი ფეიოლა არსალანი (სერბეთი); 22. რამაზ ზოიძე (საქართველო)
97 კგ. 1. გაბრიელ ალეხანდრო როსილო კინდელანი (კუბა); 2. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 3. მოჰამადჰადი აბდოლაჰ სარავი (ირანი), არტურ ომაროვი (ჩეხეთი); 25. გიორგი მელია (საქართველო)

მსგავსი სიახლეები