ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება – 19 სექტემბერს სრულდება, თუმცა უკვე გამოიკვეთა, რომ ოქროს გარეშე დავრჩით: 18 სექტემბერს ვერც ამბროლარელმა ვლადიმერ გამყრელიძემ (79) იმარჯვა ფინალში და ვერც ამ დღეს ჩემპიონატში ჩაბმული ორი წონიდან ვერ მოიპოვა რომელიმემ ფინალის საგზური. ამ დუეტიდან მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ მცხეთელ გივი მაჭარაშვილს (97) შერჩა, ვინც ნახევარფინალში დამარცხდა და ხვალ პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
დღეს ჩვენი ნაკრების ჯილდო მხოლოდ ეს 1 ვერცხლი აღმოჩნდა, ვინაიდან ონელი მირიან მაისურაძე (92) დამამშვიდებლის ფინალში დამარცხდა, გიორგი იანტბელიძის გუნდის მონაგარი კი 3 მედალმდე გაიზარდა – 2 ვერცხლი და 1 – ბრინჯაო. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ვერცხლის მედალს გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დასჯერდა, მესამეზე კი აჭარის წარმომადგენელი შოთა ფარტენაძე გავიდა. ჩვენს ანგარიშზეც ჯერჯერობით კვლავაც პეტრიაშვილის მიერ მოპოვებული ერთადერთი ლიცენზია რჩება, ვინაიდან 61, 79 და არც 92 კილოგრამები არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში. თუმცა ხვალ მაჭარაშვილს შეუძლია მეორე საგზურის მოპოვება: ბრინჯაოს თუ მოიპოვებს, პირდაპირ მიიღებს მას, ხოლო, ღმერთმა ნუ ჰქნას და თუ წააგო, მერე დამატებითი შეხვედრის გამართვა მოუწევს მეორე დამამშვიდებლის ფინალში დამარცხებულთან.
დღეს ფინალურ ბლოკში მოჭიდავე ჩვენი დუეტისგან გაცილებით უკეთეს შედეგს ველოდით, თუმცა გამყრელიძეც და მაისურაძეც დამარცხდნენ. თანაც, უნდა ვაღიაროთ, რომ ორივეს აჯობა მეტოქემ. გამყრელიძე ფინალში ნეიტრალური გუნდის რუს წევრს – ახმატ უსმანოვს ხვდებოდა და ვერაფერი მოუხერხა, ვერაფრით მოარგო გასაღები. მეტოქემ თავიდანვე 4:0 წაიყვანა ანგარიში, გამყრელიძემ კი ბოლოსკენ მოახერხა 1 ქულის აღება. თავიდანაც ჩვენსას ჩაურთეს 30-წამიანი საჯარიმო, რაც ვერ გამოიყენა და პირველი პერიოდი 0:1 დავთმეთ, მეორის დასაწყისშივე კი უსმანოვი სწრაფად შევიდა ფეხში და 2-ქულიანზე გადაიყვანა. მოგვიანებით გამყრელიძე ჩოქბჯენში პოზიციურ ბრძოლაში წრიდან გავიდა და ბოლო ქულა ასე დაკარგა. წაგება ცუდია, თუმცა გამყრელიძემ პირველი მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ნამდვილად წარმატებაა.
ამაზე ბევრად უფრო დასანანი გამოდგა მაისურაძის წაგება თურქთა ევროპის წლევანდელ ჩემპიონ ფეიზულა აკთურქთან: დასრულებამდე 19 წამით ადრე ანგარიში გაუთანაბრა – 3:3. მაგრამ დამთავრებამდე 10 წამით ადრე 2-ქულიანი გდება გაუშვა და 3:5 წააგო. მაისურაძემ პირველ პერიოდშიც დაუშვა ერთი მიუტევებელი შეცდომა, როცა მეტოქეს ფეხი იოლად „ააღებინა“. მართალია, მაისურაძე კინაღამ გადაუხტა და გამოაძრო ფეხი, მაგრამ თურქმა მაინც გადაიყვანა 2-ქულიანზე. ჩოქბჯენში მაისურაძემ კარგად კი დაიცვა თავი და არ დაატრიალებინა, მაგრამ მანამდე პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმო ჩაურთეს, რაც ვერ გამოიყენა და 0:3 ჩამორჩა. პერიოდის დასასრულს ესეც წაეკამათა მეტოქეს, თუმცა კი თურქი მართლაც უხეშად ეჭიდავებოდა. მეორე პრიოდში 30-წამიანი უკვე აკთურქს ჩაურთეს და 1 ქულა მაისურაძემ მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი, როგორც იქნა, ფეხში შევიდა ორივე ხელით. თურქმა გარეთ გაქცევა სცადა, მაგრამ ზედ ზონის ხაზზე მაისურაძემ კარგად გამოიყენა თავისი გრძელი კიდურების უპირატესობა და საკმაოდ შორიდან ფეხით გარეკაური მაინც გამოსდო. მსაჯმა თავიდან ზონიდან გასვლა მიიჩნია და ეპიზოდი 1 ქულად შეაფასა, თუმცა იანტბელიძემ გააპროტესტა, რაც დაგვიკმაყოფილეს – გდება ჩათვალეს და 2 ქულა მოგვცეს, რითაც ანგარიში 3:3 გახდა, ეს კი ბოლო ქულის გამო უპირატესობას ჩვენ გვაძლევდა. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე მეტოქემ მაინც შეძლო გვერდიდან შემოვლით ფეხის აღება. მაისურაძე ერთხანს კი იცავდა თავს და გაქცევას ცდილობდა, მაგრამ 3 წამით ადრე თურქმა მაინც ჩაიყვანა დაბლა: 3:5…
მაისურაძეს იქ ნამდვილად მართებდა ანგარიშის შენარჩუნება. თუმცა, წაგება წაგებად, მაგრამ უფრო სამწუხარო ტენდენცია ის მგონია, რომ ჩვენი ლიდერი სეზონში უკვე მეორე მთავარ ტურნირზე აგებს ერთი და იმავე კონკურენტთან – მაისურაძე აკთურქთან წლეულს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშიც დამარცხდა. სამწუხაროა, რომ სამწვრთნელო შტაბმა იმ წაგებისგან სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა და ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქეს.
ამ წონაში სწორედ იმ ყაზახმა რიზაბეკ აიტმუხანიმ გაიმარჯვა, ვინც ნახევარფინალში მაისურაძეს მოუგო. არადა, ყაზახი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ფაქტია, ამ წონაში ახალ ლიდერად მოგვევლინა.
ამ დღეს დამამშვიდებელში ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძეც (74) ჭიდაობდა. მან პირველ შეხვედრაში უზბეკთა ოლიმპიურსა და მსოფლიოს პრიზიორს, აზიის ჩემპიონ ბეკზოდ აბდურახმონოვს 10:4 მოუგო, თუმცა შემდეგ ირანელთა მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორ იუნეს ალიაკბარ ემამიჩუგუეისთან წმინდად, 0:10 დამარცხდა. სამწუხაროდ, ირანელმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა ჩვენი ლიდერი.
74 კილოგრამი ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრით დასრულდა – კენჭაძის მომგებმა რუსთა ოსმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ზაურბეკ სიდაკოვმა 10:7 მოუგო მსოფლიოს ბოლო 4 პირველობის მომგებ ამერიკელთა ოლიმპიურ პრიზიორ კაილ დუგლას დაიკის. როგორც პირველ დღეს ამერიკელი დავიდ მორის ტეილორისა და ირანელ ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატის ფინალი 86 კილოგრამში, ესეც ტურნირის გამორჩეული შეხვედრა გამოდგა. სიდაკოვმა ბელგრადში დამარცხებულ ვარსკვლავთა კოჰორტას ამერიკელიც მიამატა.
ევრიპის მოქმედ ჩემპიონ მაჭარაშვილს ნახევარფინალში რევანში აუღო აზერბაიჯანელთა დაღესტანელმა მაგომედხან მაგომედოვმა – ჩვენებურმა მას ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოუგო, ის შეხვედრა კი გემახსოვრებათ, ლამის მათი ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.
მაჭარაშვილმა პირველივე შეხვედრაში ძლიერი მეტოქე დაამარცხა – მაკედონიელთა დაღესტანელ მსოფლიოს მესამე პრიზიორ მაგომედგაჯი ნუროვს 5:4 მოუგო. ის თავიდან 3:4 ჩამორჩა, მაგრამ ბოლო ნახევარ წუთში ფეხიდან აყვანით მეტოქე 2-ქულიანზე გადააგდო. ნუროვი პირველივე წუთზე ორივე ხელით შევიდა ფეხებში და 4-ქულიანზე გადააგდო. მეორე პერიოდი მთლიანად მაჭარაშვილისა გამოდგა. მან დასაწყისშივე შეუტია და მეტოქე აშკარად გაექცა გარეთ, ოღონდ მაჭარაშვილმა მაინც მოასწრო გადაგდება, თუმცა უკვე გარეთ იყვნენ გასულები. მსაჯმა 1 ქულა აჩვენა ანუ წრიდან გაყვანა შეუფასა, მაგრამ კომისრებმა ილეთი ჩათვალეს და 2 ქულა მისცეს. თან, ნუროვი გააფრთხილეს კიდეც და მესამე ქულაც დაგვიმატეს. ეს უკვე მაკედონიელებმა გააპროტესტეს, რაც დაუკმაყოფილეს – წრიდან გაყვანა ჩაგვითვალეს, გაფრთხილება კი ძალაში დატოვეს და ამდენი გარჩევის მერე საბოლოოდ 2:4 დაადგინეს. მსაჯთა საცოდაობა ამის შემდეგაც გაგრძელდა – ნუროვი ჯერ ჩობჯენში ჩააყენეს, თუმცა მოთათბირების შემდეგ შეხვედრა ისევ დგომში გააგრძელეს. მაჭარაშვილმა ფეხიდან აიყვანა მეტოქე, თუმცა ილეთზე ვერ გადააგდო, მაგრამ წრიდან გაიყვანა და იქ სარეკლამო აბრებს მიანარცხა. ამას ნუროვმა ფეხის დადებით უპასუხა, თუმცა ქიშპობა ამის იქით არ წასულა, თუმცა ტავზე უხეშად ჩამორტყმები და სახეზე ხელის მიჭერა მთელ შეხვედრაში ბლომად იყო: 3:4. როგორც გითხარით, ნახევარი წუთით ადრე ქართველმა ფეხიდან აყვანით 2-ქულიანზე გადააგდო და გაიმარჯვა.
მომდევნო შეხვედრაში მცხეთელმა ბულგარელთა დაღესტანელი ახმედ ბატაევი 7:5 დაამარცხა. დაძაბულობა და ორმხრივი უხეშობა არც ამ შეხვედრას აკლდა, მაჭარაშვილმა კი მარტივი ტაქტიკა აირჩია – ფეხიდან აყვანით წრიდან გაყვანა. მან ზედიზედ ხუთჯერ აუღო ფეხი, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გადააგდო. ან, იქნებ, არც ცდილობდა ამას და პირდაპირ ზონიდან გაჰყავდა, თუმცა ისეთი შანსის ხელიდან გაშვებაც, როცა მეტოქე ცალი ფეხით ჰაერში გყავს აწეული, საცოდაობაა. ამ 5 მცდელობიდანაც 4 გამოიყენა, ერთხელ კი – მესამე ეპიზოდში ბატაევმა კონტრშეტევით იქით გადააგდო. რატომღაც ჩვენებმა გააპროტესტეს, რაც იმთავითვე განწირული ჩანდა და აკი არც დაგვიკმაყოფილეს: 4:2. ერთხელ ბატაევმაც იმავე ხერხით გვიპასუხა, მისი მეორე შესვლა კი საინტერესო ეპიზოდით დასრულდა: მაჭარაშვილი ლეიბზე ჩაუწვა და ფეხის აღება არ დაანება, თან უკუგდებაც გაუკეთა თავს უკან, იქ კი ბატაევმაც მოახერხა ამოსვლა და ორივეს 2-2 ქულა მისცეს. ამას ჩვენებურმა ბოლოს კიდევ ერთი ქულა დაუმატა და 7:5 მოიგო.
მეოთხედფინალში მაჭარაშვილმა ყაზახ ალიშერ იერგალის 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მაგომედოვთან 1:6 წააგო. ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი მოცილე თურქ ევროპის მესამე პრიზიორ იბრაჰიმ ჩიფტჩის, ამავე სინჯის მედალის მფლობელ გერმანელ ერიკ სვენ ტილეს და სერბ სტრაჰინია დესპიჩის სამეულიდან გასული იქნება.
ამ წონაში, ალბათ, ტურნირის მთავარი სენსაციები დაფიქსირდა: ფინალში არც „რუსულ ტანკად“ წოდებული დაუმარცხებელი და ყველაფრის მომგები (რამდენჯერმეც) დაღესტანელი აბდულრაშიდ სადულაევია და არც – ამერიკელთა ასევე ყველაფრის ჩემპიონი კილ სნაიდერი, წონის მთავარ ამრევად კი ბრუნესის სასულთნოდან მოჭიდავე 20 წლის დაღესტანელი ახმედ ტაჟუდინოვი იქცა: ჯერ სნაიდერს მოუგო 11:0, შემდეგ კი სადულაევი 9:2-ზე სუფთაზე დააწვინა!
დღეს ჩვენგან სამტრედიელი ევროპის მესამე პრიზიორი ედემი ბოლქვაძეც (65) ჭიდაობდა და თავიდან გუამელ ეტან მიკქუინ ტომაპა აგუიგუის წმინდად, 11:0 კი სძლია, მაგრამ შემდეგ მოლდოველ მაქსიმ საკულტანთან 0:4 წააგო და გამოვარდა.
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბელგრადი. 18 სექტემბერი
57 კგ. 1. სტევან ანდრია მიჩიჩი (სერბეთი); 2. რეი ჰიგუჩი (იაპონია); 3. არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი, ზელიმხან აბაკაროვი (ალბანეთი); 21. რობერტ დინგაშვილი (საქართველო).
74 კგ. 1. ზაურბეკ სიდაკოვი (ნეიტრალური); 2. კაილ დუგლას დაიკი (აშშ); 3. ჰეტიკ ცაბოლოვი (სერბეთი), დაიჩი ტაკატამი (იაპონია); 7. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო).
79 კგ. 1. ახმატ უსმანოვი (ნეიტრალური); 2. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო); 3. მოჰამად ასგარ ნოხოდილარიმი (ირანი), ვასილ მიხაილოვი (უკრაინა). 92 კგ. 1. რიზაბეკ აიტმუხანი (ყაზახეთი); 2. ოსმან ნურმაგომედოვი (აზერბაიჯანი); 3. ფეიზულა აკტურქი (თურქეთი), ზაჰიდ ვალენსია (აშშ); 5. მირიან მაისურაძე (საქართველო).