მცხეთელმა გივი მაჭარაშვილმა (97) ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დამამშვიდებლის ფინალში 6:2 დაამარცხა თურქი იბრაჰიმ ჩიფტჩი და ერთბაშად ორი მიზანი აისრულა – მოიპოვა ამ პრესტიჟული შეჯიბრების ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური ლიცენზია. ეს ჩვენი გუნდის მეოთხე ჯილდო და მეორე საგზური აღმოჩნდა, გიორგი იანტბელიძის გუნდის მონაგარი კი 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო აღმოჩნდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო 80 ქულით მესამეა აშშ-ს (148) და ირანის (110) შემდეგ.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ამბროლაურელი ვლადიმერ გამყრელიძე (79) და გორელი გენო პეტრიაშვილი (125) გახდნენ, მესამეზე კი აჭარის წარმომადგენელი შოთა ფარტენაძე (61) და მაჭარაშვილი გავიდნენ. ლიცენზიები პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა მოიპოვეს, რადგან ის ორი წონა არ შედის ოლიმპიადის პროგრამაში.
ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა მაჭარაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ბრინჯაო. აშკარაა, ბელგრადი მისთვის ფეხბედნიერი ქალაქია – მსოფლიოს ჩემპიონატი ხომ შარშანაც იქ ჩატარდა. ფარტენაძის და გამყრელიძისთვის ეს მსოფლიოს პირველობის პირველი ჯილდოებია, პეტრიაშვილმა კი მსოფლიოს ჩემპიონაზე მე-8 მედალი მოიპოვა – 3 ოქრო, ამდენივე – ბრინჯაო და 2 – ვერცხლი.
მაჭარაშვილმა თურქთან თავიდანვე აქტიურად დაიწყო შეხვედრა და საწყის ნახევარ წუთში 2:0 დაწინაურდა: ერთხანს დგომში ჯვარედინ მოვლებაზე კარგად ჰქონდა დაჭერილი მისი თავი და მხრები, ვიდრე არ შემოურბინა და ჩოქბჯშეხვედრის განახლებას იგივე მდგომარეობა მოჰყვა – მაჭარაშვილმა ისევ იმავე პოზიციაში დაიჭირა მეტოქე, თუმცა ამჯერად შემოვლის ნაცვლად გვერდზე სცადა მისი გადაქნევა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამასობაში ჩვენი მოჭიდავე ცოტა ზედმეტად გაუთამამდა მეტოქეს და მორიგი შეტევისას ნაჩქარევად მივარდა, რითაც კარგად ისარგებლა თურქმა და ფეხში შევიდა, კიდეც გადაიყვანა და ანგარიშიც გაათანაბრა, თუმცა ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა. პაექრობა განახლდა და მაჭარაშვილმა ისევ დიდი ძალებით შეუტია, რასაც თურქი, ვინც თითებზე ჩაჭიდებას არ ერიდებოდა და მსაჯისგან შემჩნევაც მიიღო, წრიდან გავიდა და 3:2 დავწინაურდით. მაჭარაშვილის შემტევი ტაქტიკა ფრიად გამართლებული აღმოჩნდა, რასაც თურქი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა და პაექრობაც ქართველის დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. წინა ეპიზოდის განახლებას ჩვენებურმა კარგი შეტევა მიაყოლა – უკვე ფეხში შესვლიდან აიყვანა და ორქულიანზე გადაგდო: 5:2, ბოლო ქულა კი შეხვედრის განახლებისთანავე მოიპოვა, როცა მორიგი შეტევისას მეტოქე წრიდან გაიყვანა: 6:2. მეორე პერიოდში ქართველი აღარ რისკავდა; თან ხელის ტრავმამაც შეაწუხა (საოპერაციოა, თუმცა აქამდე რომ გაეკეთებინა, მსოფლიოსთვის მომზადებას ვერ მოასწრებდა და ამიტომ გადადო აქამდე), შუბლიდან კი სისხლიც სდიოდა. ამ ფონზე მეტოქე ცოტა გააქტიურდა, მაგრამ მაჭარაშვილი დაცვაშიც შეუვალად იდგა: არც ფეხში შესვლა დაანება, არც დგომიდან გააკეთებინა ილეთი და ერთი-ორჯერ ზონასთან მისულიც მოხერხებულად შემოუბრუნდა წრის შიგნით. ერთი სიტყვით, დაცვაშიც პირწმინდად აჯობა, მეორე პერიოდში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.
მოლოდინისამებრ, ამ წონაში ბრუნეელთა 20 წლის დაღესტანელმა ახმედ ტაჟუდინოვმა გაიმარჯვა: ყველა ტიტულის მფლობელ ამერიკელ კილ სნაიდერსისა და რუსთა დაღესტანელ აბდულრაშიდ სადულაევის შემდეგ ფინალში აზერბაიჯანელთა დაღესტანელი, მსოფლიოს სარსანდელი მესამე პრიზიორი და ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი მაგომედხან მაგომედოვი 8:1 დაამარცხა. აქ ბრინჯაოსთვის სნაიდერსსა და სადულაევს უნდა ეჭიდავათ, თუმცა დაღესტანელმა ჯერ კიდევ გუშინ, ტაჟუდინოვთან შეხვედრისას კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ვერც ის შეხვედრა დაასრულა (თუმცა ისედაც 2:9 აგებდა) და ვერც დღეს იჭიდავა ამერიკელთან – ის გუშინვე გადმოაფრინეს მოსკოვში სამკურნალოდ, სნაიდერმა კი უბრძოლველად მიიღო ბრინჯაო.
საკმაოდ მოულოდნელად დასრულდა 65 კილოგრამის ტურნირი, სადაც გაისროლა პუერტო რიკოელმა სებასტიან ც რივერამ – ფინალში გავიდა, მაგრამ იქ დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ეტყობა, სამხრეთამერიკელებს და კონკრეტულად პუერტო რიკოელებს დაბედებული აქვთ ყოველ ოლიმპიურ ციკლში მსგავსი გასროლა – გავიხსენოთ 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც იმ დროს ყველასთვის უცნობმა ფრანკლინ მატოშ გომესმა (60) ბრინჯაო მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ მისმა თანამემამულე ხაიმე ესპინალიმ (84) დათო მარსაგიშვილი დაგვიმარცხა. ვნახოთ, რას იზამს პარიზის ოლიმპიადაზე რივერა, ბელგრადში კი მან ფინალი უნგრელთა დაღესტანელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს შარშანდელ მესამე პრიზიორ ისმაილ მუსუკაევთან.
დღეს ამერიკელებმა და ირანელებმა დიდად ვერაფრით გამოიჩინეს თავი – ეტყობა, ფორტუნამ საკმარისად ჩათვალა ის მედლები, რაც მათ წინა დღეებში მოიპოვეს. თუმცა ამერიკელებმა 1 ბრინჯაო მაინც მოიპოვეს, ირანი კი ხელცარიელი დარჩა – მათ 65-ში კი შეეძლოთ ასევე ბრინჯაოს მოპოვება, მაგრამ წააგეს. ისე კი ეს ჩემპიონატი, უდაოდ, მათი მეტოქეობით წარიმართა, რაში ჩარევაც სხვებმა დიდად ვერ შეძლეს. ამჯერად ამერიკელებმა გვარიანად დაჩაგრეს ირანელები. ამის საილუსტრაციოდ თუნდაც ეს მაგალითიც კმარა: ამერიკელებმა 3 ოქრო მოიპოვეს და აქედან 2 ფინალში ირანელს აჯობეს. ირანმა 1 ოქრო დაისაკუთრა, როგორც ყაზახეთმა, ბახრეინმა, სერბეთმა და უნგრეთმა, დანარჩენი 2 ოქრო კი ნეიტრალურმა გუნდმა ირგუნა. ოქროს გარეშე დარჩნენ აზერბაიჯანი და თურქეთი.
ამჯერად ბელგრადში ქალთა ტურნირი მიმდინარეობს, 21-24 სექტემბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატში ბერძენ-რომაელები იასპარეზებენ.
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბელგრადი. 19 სექტემბერი.
65 კგ. 1. ისმაილ მუსუკაევი (უნგრეთი); 2. სებასტიან ც რივერა (პუერტო რიკო); 3. ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი), შამილ მამედოვი (ნეიტრალური); 16. ედემი ბოლქვაძე (საქართველო). 97 კგ. 1. ახმედ ტაჟუდინოვი (ბახრეინი); 2. მაგომედხან მაგომედოვი (აზერბაიჯანი); 3. გივი მაჭარაშვილი (საქართველო), კილ სნაიდერი (აშშ).