სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარეს და წმინდად, 0:11 დამარცხდა. არადა, ირანელმა ეს გამანადგურებელი მარცხი მეტად მარტივი ტაქტიკით მოგვაყენა – წრიდან გაყვანით. ამ 11 ქულიდან ზარემ მხოლოდ ორი მოიპოვა ილეთით, როცა ერთ-ერთი უიშვიათესი შეტევისას ქართველი კონტრშეტევით 2-ქულიანზე გადააგდო, ერთიც პეტრიაშვილის ტექნიკური ქულით მოიპოვა, როცა წრიდან აშკარა გაყვანით გაბრაზებულმა ქართველა მეტოქეს სახეში ხელი მიარტყა, ბოლოს ერთიც ირანელებს ჩვენი დაუკმაყოფილებელი პროტესტის გამო დაუმატეს, დანარჩენი 7 კი გენოს წრიდან გაყვანით მოიპოვა. სამწუხაროდ, პეტრიაშვილმა მას ვერაფერი დაუპირისპირა და ლამის წინააღმდეგობის გარეშე დაუთმო გამარჯვება… ჩვენი ლიდერი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ირანელთან უკვე მეორედ დამარცხდა – პირველად 2021 წელს წააგო.
17 სექტემბერს ბელგრადში, პირველ საფინალო დღეს ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა – ბრინჯაო, რომელსაც აჭარელი შოთა ფარტენაძე (61) დაეუფლა.
ამდენად, გიორგი იანტბელიძის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლა 2 მედლით დაიწყო – თითო ვერცხლი და ბრინჯაო, თუმცა ნაკრები 18 სექტემბერსაც გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას – 3 სპორტსმენით, ერთი ჯილდო კი უკვე დაიბევა – 79 კილოგრამში ფინალშია გასული 23-წლამდელებში ამბროლაურელი მსოფლიოს ჩემპიონი და უფროსებში ევროპის მესამე პრიზიორი ვლადიმერ გამყრელიძე, ბრინჯაოსთვის ბრძოლას კი ასევე რაჭველები, კიდევ ერთი ამბროლაურელი, მსოფლიოს ფინალისტი ავთანდილ კენჭაძე (74) და ონელი მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი მირიან მაისურაძე (92). ოღონდ მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდა და ხვალ პირდაპირ დამამშვიდებლის ფინალში იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის, კენჭაძემ კი იქამდე მისასვლელად სანუგეშო წრე უნდა გაიაროს. ამათგან ლიცენზიის მოპოვების შანსი მხოლოდ კენჭაძეს აქვს, რადგან ის ორი წონა არაოლიმპიური კატეგორიისაა.
ფარტენაძემ მართლაც რომ იბრძოლა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში უკრაინელ ვალენტინ ბლიასეცკისთან, ვისთანაც ოფიციალურ შედეგად 5:5 კი დაფიქსირდა და ისე ჩანს, რომ ქართველმა ქულის უპირატესობით მოიგო, თუმცა, რეალურად, ჭიდაობაშიც აჯობა. ბოლო ორი ქულა მან შეგნებულად, ტაქტიკურად დაკარგა, რითაც დრო მოიგო, ის ქულები მეტოქეს არ მოუპოვებია.
ფარტენაძის ბრძოლისუნარიანობის დასტურად შეხვედრის დასაწყისშივე მომხდარი ეპიზოდიც გამოდგება, როცა მეტოქემ ფეხიდან აიყვანა, თუმცა ეს არათუ გაექცა, იქით შეუტია და უკრაინელი ჯერ ილეთს გადაურჩა, შემდეგ – წრიდან გასვლასაც. პირველი ქულაც ჩვენებურმა მოიპოვა, რომელიც უკრაინელის პასიურობისთვის მიიღო – რაკი მან 30-წამიან საჯარიმო დროში გდება ვერ გაუკეთა, ქულა ქართველს მისცეს. სამაგიეროდ, პირველი პერიოდის ბოლო წამებზე გარეთაც გავიდა და ანგარიში გათანაბრდა: 1:1. მეორე პერიოდში ბლიასეცკი ერთი ქუით დაწინაურდა, როცა ფარტენაძეს ჩაურთეს 30-წამიანი საჯარიმო, რაც ვერ გამოიყენა. ქართველ ცდას არ აკლებდა, თუმცა უკრაინელი თავს კარგად იცავდა. გადამწყვეტი მომენტი დასრულებამდე 35 წამით ადრე დადგა, როცა ქართველმა უკრაინელი კონტრშეტევაზე კარგი გარეფეხით 4-ქულიანზე გადააგდო: 5:2. ამის შემდეგ უფრო ტაქტიკურ ჭიდაობაზე გადავიდა და შეტევით თავი აღარ მოუკლავს.
ფარტენაძემ წლეულს ევროპის ჩემპიონატზეც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და მაშინაც დასკვნით შეხვედრაში უკრაინელი დაამარცხა, ოღონდ – ტარას მარკოვიჩი.
გამყრელიძე თავიდან ისვენებდა, პირველ შეხვედრაში კი საკმაოდ დამაჯერებლად, 8:0 დაამარცხა ლატვიელი ალანს ამიროვსი. აქედან 5 ქულა მან პირველ პერიოდში მოიპოვა: მეტოქეს პასიურობისთვის 30-წამიანი საჯარიმოთი დასაჯეს და რადგან გდება ვერ შეასრულა, ქულა ქართველს მისცეს, თუმცა მანამდე გამყრელიძემ ფეხში შესვლიდან 2-ქულიანზე გადააგდო, პერიოდის მიწურულს კი კიდევ ერთხელ შეასრულა ორქულიანი გდება. მეორე პერიოდში ფეხიდან აყვანით ჩოქბჯენში გადაიყვანა, თუმცა იქ დატრიალების მცდელობით თავი არც მოუკლავს – 7:0, მალევე კი ამიროვსი წრიდანაც გაექცა და საბოლოო ანგარიშიც მივიღეთ: 8:0.
მეოთხედფინალიც ყაზახ ბოლატ საკაევთან ანალოგიური სცენარით წარიმართა: იქაც ფეხში შესვლიდან 2-ქულიანი გდება მაშინ, როცა მეტოქეს 30-წამიანი ჰქონდა ჩართული, ამას კი 1 ქულა ყაზახის მიერ საჯარიმო დროის გამოუყენებლობისთვის დაემატა; პირველი ეპრიოდის მიწურულს მეტოქე მის ფეხში შეხტომას ზონიდან გასვლით გაექცა და საწყისი პერიოდი აქაც მოიგო – 4:0. საბოლოო ჯამში ყაზახსაც 8 ქულა აართვა, თუმცა 2 დაკარგა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დღის მთავარი შეხვედრა მოიგო – უკრაინელთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვასილ მიხაილოვს 10:4 აჯობა. წინა ორის მსგავსად, ეს პაექრობაც გამყრელიძის აქტიურობით დაიწყო და ზედიზედ მესამე მეტოქეს ჩაურთეს 30-წამიანი საჯარიმო. გამყრელიძემ ამჯერადაც გააგრძელა შეტევა და ფრიადაც იხეირა: მიხაილოვი ფეხიდან აიყვანა და მერე გარედან ისე კარგად გამოჰკრა, ერთბაშად 4 ქულით დაწინაურდა. თუმცა უკრაინელებმა გააპროტესტეს, მაგრამ არ დაუკმაყოფილეს და 1 ქულაც დაგვიმატეს: 5:0. ოღონდ ამ დროს საჯარიმო დროის გასვლამდე 2 წამი ისევ რჩებოდა და მისი გასვლის შემდეგ ერთი ქულა კიდევ დაგვიმატეს: 6:0. არსებითად, ჩვენებურმა ერთი ეპიზოდით 6 ქულა მოიპოვა. მიხაილოვმა ამის შემდეგ კი შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა ეს იყო მისი მაქსიმუმი. პირიქით – მეორე პერიოდში გამყრელიძემ ერთი კარგი დაყვანაც გვაჩვენა, როცა პოზიციურად აჯობა, ხელით თავისკენ მოქაჩა და ჩოქბჯენში გადაიყვანა. ფინალში ჩვენი ფალავანი ნეიტრალური გუნდის წევრ ახმედ უსმანოვს შეხვდება.
მაისურაძე სულაც რეიტინგის ლიდერია და პირველ წრეში ისიც ისვენებდა. თავიდან მან უზბეკი რუსტამ შოდიევი გაანადგურა – წმინდად, 10:0 დაამარცხა. ის უკვე მე-8 წამზე მოგვერდით 4-ქულიანზე მოისროლა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირველი პერიოდის მიწურულს ფეხიდან აყვანით ორქულიანზც გადააგდო, მეორე პერიოდში კი წელში შესვლიდან ისევ 4-ქულიანზე დაატრიალა. ინდოელ პრუტვირაჯ ბაბასაჰებ პატილს 3:0 სძლია, ნახევარფინალში კი 1:8 წააგო ყაზახ რიზაბეკ აიტმუხანთან. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მისი მეტოქე თურქთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ფაიზულაჰ აკთურქსა და უნგრელ ატილა ბალაშ იუჰაზს შორის მოგებული იქნება. შეგახსენებთ, რომ სწორედ თურქმა მოუგო მაისურაძეს წლეულს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში.
პირველივე შეხვედრაში დამარცხდა კენჭაძე ნეიტრალური გუნდის ოს წევრთან, ოლიმპიურსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ზაურბეკ სიდაკოვთან – 7:6. არადა, თავიდან ქართველი იგებდა, თუმცა ბოლო წამებზე დათმო გამარჯვება. კენჭაძეს სანუგეშო წრეში დიდი ბრძოლა ელოდება – ბრინჯაოს მოსაპოვებლად 4 ბრძოლა უნდა მოიგოს. თან, სულ ძლიერ ფალავნებთან. თავდაპირველად უზბეკთა ოლიმპიურსა და მსოფლიოს პრიზიორს, აზიის ჩემპიონ ბეკზოდ აბდურახმონოვს ხვდება, ამათში მოგებულს კი ირანელთა მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი იუნეს ალიაკბარ ემამიჩუგუეიც ელოდება. იმის შემდეგ მასპინძელ სერბთა ნატურალიზებული ოსი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ჰეტიკ ცაბოლოვია რიგში (აბა, მასპინძლები რამდენად მოინდომებენ გამარჯვებას ამ ოლიმპიურ წონაში, იოლი გამოსაცნობია), სულ ბოლოს, დამამშვიდებლის ფინალში 23-წლამდელებში აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი, ხოლო უფროსებში ევროპის ფინალისტი თურან ბაირამოვია ჩასაფრებული. წარმატება ვუსურვოთ კენჭაძეს ამ „მგლების ხორუმში“.
როგორც ვხედავთ, სიდაკოვმა ძალიან ძლიერი ხალხი დაამარცხა – ყველა ამ მოჭიდავემ მასთან წააგო. იქით სერიოზული სენსაცია შემოგვთავაზა ზედა წონიდან ჩამონაცვლებულმა ბერძენთა ევროპის ფინალისტმა გეორგიოს კოუმციდისმა – სლოვაკთა ოს ევროპის სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ზედიზედ ორგზის ფინალისტ თეიმურაზ სალკაზანოვს მოუგო.
პირველივე შეხვედრა წააგო ყვარლელმა რობერტ დინგაშვილმაც (57) – ჩრდილო მაკედონიელთა კავკასიელ ლეგიონერ ვლადიმირ ეგოროვთან და მერე აღარც სანუგეშოში გადასვლის შანსი აღარ მიეცა.
18 სექტემბერს მსოფლოს ჩემპიონატში „თავისუფალთა“ დარჩენილი 2 წონის ფალავნებიც ჩაებმებიან – 65 და 97 კილოგრამები. ორივე ოლიმპიური წონაა ანუ მედლებთან ერთად ოლიმპიური ლიცენზიებიც თამაშდება.
სამტრედიელი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ ედემი ბოლქვაძე (65) მეორე წრიდან ჩაებმება ასპარეზობაში, სადაც გუამელ ეტან მიკქუინ ტომაპა აგუიგუის შეხვდება. ამ წონაში 45 მონაწილეა.
ევროპის მცხეთელი მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97) თავიდან კი ისვენებს, მაგრამ პირველივე შეხვედრაში მეტოქედ მაკედონიელთა დაღესტანელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი მაგომედგაჯი ნუროვი ერგო. მოგებული ბულგარელ ახმედ ბატაევსა და ეგვიპტელ მოსტაფა ალი ელსაიედ გაბრ ელდერსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
61 კგ. 1. ვიტალი არუჯაუ (აშშ); 2. აბასგაჯი მაგომედოვი (ნეიტრალური); 3. შოთა ფარტენაძე (საქართველო), ტაიურბეკ ჟუმაშბეკ უულუ (ყირგიზეთი)
70 კგ. 1. ზაინ ალენ რეტერფორდი (აშშ); 2. ამირმოჰამად ბაბაკ იაზდანიჩერატი (ირანი); 3. არმან ანდრეასიანი (სომხეთი), რამაზან რამაზანოვი (ბულგარეთი); 14. გიორგი ელბაქიძე (საქართველო)
86 კგ. 1. დავიდ მორის ტეილორი (აშშ); 2. ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატი (ირანი); 3. აზამატ დაულეტბეკოვი (ყაზახეთი), მილეს ნაზემ ამინე (სან მარინო); 27. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო) 125 კგ. 1. ამირ ჰოსეინ აბას ზარე (ირანი); 2. გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 3. ტაჰა აკგული (თურქეთი), მეისონ მარკ პარისი (აშშ).