378228822_845464493567265_7502197465118520370_n

მსოფლიოს პეტრიაშვილით ვიწყებთ

16 სექტემბერს ბელგრადში სტარტს აიღებს მოჭიდავეთა მიმდინარე სეზონის უმთავრესი შეჯიბრება – მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც სალიცენზიო შეჯიბრებაცაა – ყოველ ოლიმპიურ წონაში (ასეთი კი ექვსია) 5-5 საგზური გაიცემა. ალბათ, ამითაა განპირობებული მონაწილეთა უჩვეულოდ გაზრდილი რაოდენობა – 77 ქვეყანა, მონაწილეთა რაოდენობა კი მხოლოდ თავისუფალ ჭიდაობაში 368 ათლეტია. ანუ საშუალოდ წონაში 36-ზე მეტი მოჭიდავე მოდის. აქედან მხოლოდ 6 ოლიმპიურ წონაში 252 ფალავანია თავმოყრილი.

პლანეტის პირველობაზე ერთი ხელოვნურად შექმნილი გუნდი რომ იქნებოდა, წინასწარვე იყო ცნობილი – “ნეიტრალურ ათლეტთა გუნდი”, რომელშიც მსოფლიოს საზოგადოების მიერ გარიყული რუსეთისა და ბელარუსის ათლეტები შედიან, ბოლო დღეებში კი მას კიდევ ერთი ხელოვნური გუნდი დაემატა – საკუთრივ UWW-ს გუნდი, რომელიც ინდოელებს აერთიანებს. მიზეზი ისაა, რომ ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ ინდოეთის ფედერაციას წევრობა შეუჩერა, რადგან მან ვერ უზრუნველყო ახალი არჩევნების ჩატარება და ახალი პრეზიდენტის არჩევა. ეს საკითხი ინდოეთში დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ძველი პრეზიდენტი სპორტსმენებმა ქალ მოჭიდავეებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს და მის გადასაყენებლად ხანგრძლივი საპროტესტო აქციებიც გამართეს, რომლის მოთავედაც ქალ მოჭიდავებთან ერთად თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოლიმპიური პრიზიორი ბაჯრანგ პუნიაც იქცა. UWW-მ ინდოეთის ფედერაცია კი დასაჯა (მათ რამდენჯერმე მიეცათ დისკვალიფიკაცია და ვადა არჩევნების ჩასატარებლად), მაგრამ უდანაშაულო სპორტსმენები რომ არ დაეზარალებინა ტურნირებიდან და უპირველესად, მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთით, რაც ოლიმპიადიდან ჩახსნასაც ნიშნავდა, თავისი დროშით გამოსვლა შესთავაზა და ასე მივიღეთ UWW-ს გუნდი პლანეტის პირველობაზე.

მსოფლიოს ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გახსნიან, მათი ტურნირი კი ოთხ დღეზე იქნება გადანაწილებული – 19-ში დასრულდება, როცა ჩემპიონატში უკვე ქალები ჩაებმებიან. პირველ დღეს 4 წონა იასპარეზებს – 61, 70, 86 და 125 კილოგრამები. ამათგან 86 და 125 ოლიმპიური წონებია. თანაც, ჩემპიონატი პირველივე დღეს გვთავაზობს გამორჩეულ ინტრიგას – მძიმე წონა მსოფლიოსთვისაც გამორჩეულია, ჩვენთვის კი – ორმაგად, რადგან გორელი გენო პეტრიაშვილი ჩვენი გუნდის მთავარი იმედია.

წილისყრაზე საუბარიც სწორედ ამ წონით დავიწყოთ, სადაც პეტრიაშვილი საკვალიფიკაციოდან თავისუფალია, 1/16-ფინალში კი კამბოჯელ ბალი სოუს ხვდება (ამ აზიურ ქვეყანას მხოლოდ ეს ერთი სპორტსმენი ჰყავს ტურნირზე), მოგების შემთხვევაში კი ნეიტრალური გუნდის წევრ აბდულა ყურბანოვსა და არგენტინელ კატრიელ რეჰუენ მურიელს შორის უძლიერესს შეხვდება. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ, რეიტინგიდან გამომდინარე, მას ასცდებოდა და ბადის მეორე მხარეს იქნებოდა წონის ორი ლიდერი – ყველაფრის მომგები თურქი ტაჰა აკგული და ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ამირ ჰოსეინ აბას ზარე. განთესილთაგან მასთან მოხვდა მონღოლთა მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ლხაგვაგერელ მუნხტური (პეტრიაშვილი მასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა). განუთესავთაგან მის ბადეში მოხვდნენ ამერიკელი მასონ მარკ პარისი, პოლონელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ ბარანი და ჩინელი ჭივეი დენი. ამათგან პოლონელს ქართველმა 2020 წელს ევროპირველობის ფინალში მოუგო, ჩინელს კი 2018 წლის მსოფლიოს ფინალში აჯობა. ამერიკელთაგან ამჯერად არ გამოდის ოლიმპიური ჩემპიონი დან გეიბლ სტევსონი, ვინც კი განაცხადა დაბრუნების შესახებ (ტოკიოში გამარჯვების შემდეგ მან საბრძოლო შოუებს მიაშურა), თუმცა აქამდე არსად გამოსულა, მსოფლიოზე კი ამერიკელებმა მის ნაცვლად პარისი დაარეგისტრირეს. თუმცა არც ის იქნება პეტრიაშვილისთვის საჩუქარი. თუმცა ქართველი მას, მონღოლსა და ჩინელს ნახევარფინალამდე არ ხვდება, პოლონელი კი მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეებში ჰყავს. ვფიქრობთ, პეტრიაშვილს ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

აჭარის წარმომადგენელი შოთა ფარტენაძეც (61) განთესილია და საკვალიფიკაციოს ისიც გამოტოვებს, მერვედფინალში კი ნეიტრალური გუნდის ბელარუს ანდრეი ბეკრენეუს და სომეხ ნორიკ ჰარუთინიანს შორის მოგებულს შეხვდება. ბადეში ამ მხარესაა მონღოლთა მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი ნარანხუუ ნარმანდახი და ნეიტრალური გუნდის რუსი ლიდერი, 2021 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი აბასგაჯი მაგომედოვი, თუმცა მათ ნახევარფინალამდე არ ხვდება.

23-წლამდელებში ამბროლაურელი მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ელბაქიძე საკვალიფიკაციოში იჭიდავებს ჯერჯერობით საშუალო დონის მონღოლ ტემუულენ ენკტუიასთან, ხოლო თუ მოუგებს, ძლიერი მეტოქე არც მერე ეყოლება – მექსიკელი კრისტიან ბერნარდო სანტიაგო პერესი ან ეგვიპტელი ამრ ჰუსენი. განთესილთაგან ამ მხარეს ყირგიზთა მსოფლიოს მესამე პრიზიორი ერნაზარ ახმატალიევია, თუმცა აქეთ ასევე არიან ირანელი და აზერბაიჯანელი ათლეტებიც.

86 კილოგრამში თბილისელი ტარიელ გაფრინდაშვილიც გამოტოვებს პირველ ეტაპს, მეორეში კი იაპონელ ჰაიატო იშიგუროს შეხვდება. მოგებულს მერე მეტოქედ ნეიტრალური გუნდის ბელარუს რასულ ციკაეუს, ესპანელ თეიმურაზ ფრიევისა და პაკისტანელ მუჰამად ინამის ტრიოდან გასული ეყოლება, ეს კი საკმაოდ იოლი ბარიერი უნდა იყოს. გაფრინდაშვილთან ახლოს, მეოთხედფინალის გზაზე იმყოფებიან პოლონელთა ევროპის ბოლო ორი პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი სებასტიან იეზირზანსკი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი თურქი ოსმან გოჩენი. ნახევარფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის უძლიერესი ირანელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატიცაა. ბადის მეორე მხარესაა წონის მეორე ლეგენდა, ამერიკელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი დავიდ მორის ტეილორი.

მსგავსი სიახლეები