gms 111

ტიტული მესამე ცდაზე

მესამე და სამართალია – ლერი აბულაძე (63) მესამე ცდაზე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა პლანეტის პირველობაზე. მოგეხსენებათ, ხულოელი ფალავანი წინა ორ ჩემპიონატზეც გავიდა ფინალში, თუმცა ორივეჯერ ხელი მოეცარა, ამჯერად კი მიზანს მიაღწია, თუმცა იმდენად დაძაბულსა და სანერვიულო შეხვედრაში, ბარე ორ ფინალს ეყოფოდა: აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან შეხვედრა 2:2 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულა ჩვენი იყო და აბულაძემაც ქულის უპირატესობით გაიმარჯვა.

ანგარიშიდანაც ცხადად ჩანს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამე ცდაზეც ბეწვზე რომ ეკიდა, შეხვედრის მიმდინარეობისას კი რამდენჯერმე აღმოვჩნდით „რუბიკონთან“: გაუმართლებელი და სარისკო ჩელენჯი ჩვენი მხრიდან, რითაც წვალებით მოპოვებული უპირატესობა გავანიავეთ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება მივეცით; აბულაძის მიერ ორჯერ გამოუყენებელი შანსი ჩოქბჯენში, რითაც სულს მოითქვამდა თვითონაც და მოგვათქმევინებდა ჩვენც… თუმცა აბულაძის ძლიერ მხარეზეც უნდა ვთქვათ; მით უფრო – ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დამთავრდა: შესანიშნავი ამოსვლა და შესანიშნავი დახურვა პირველ პერიოდში, რითაც მეტოქეს ანგარიში გაუთანაბრა, რაც მის დაწინაურებას ნიშნავდა… გუშინაც ვწერდით, რომ ჩოქბჯენში აბულაძე ვერ უტევდა კარგად და ვერც ერთხელ ვერ დაატრიალა მეტოქეები. ეს ხარვეზი დღესაც „ძალაში იყო“ – ორჯერ მიეცა ამის შანსი, მაგრამ ვერ გამოიყენა, თუმცა, ამის გვერდით, ჩოქბჯენში დაცვაში უზუსტესად, მშვენივრად იჭიდავა და ორჯერ დაიცვა თავი. ერთი სიტყვით, აბულაძე ძალიან დამაჯერებელი იყო ფინალში და თუმცა კი შეხვედრა ფრედ დასრულდა, სავსებით ლოგიკურია მისი გაჩემპიონება – ლოგიკურია, მისი ნიჭის და ტალანტის პატრონმა იმსახურებდა ამ ტიტულს, ამის გარეშე სპორტიდან წასვლა ალოგიკური იქნებოდა. მართალია, უტიტულოდ გახარჯული ტალანტიც ბევრი გვინახავს, მაგრამ ის სწორედ რომ ალოგიკური ამბავი იყო, სამყაროს კი ლოგიკა მართავს.

ფინალი აბულაძემ შედარებით ინერტულად დაიწყო, თუმცა, ამ აბსურდული წესებიდან გამომდინარე, იქნებ, შეგნებულადაც აკეთებდა ამას და ძალებს მეორე პერიოდისთვის ინახავდა. ყოველ შემთხვევაში, მოვლენები ასეც განვითარდა: პირველ პერიოდში პასიურობისთვის ქულით აბულაძე დასაჯეს, მამადოვმა კი ჩოქბჯენში დააყენებინა. იქ კი ასწია და დასატრიალებლადაც წაიღო, თუმცა აბულაძემ აქ გვაჩვენა ის დიდოსტატური ჭიდაობა, როცა დაუხურა და იქით გადაიყვანა მეტოქე: 1:1. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მან გუშინაც შეძლო ჩოქბჯენში თავიც დაცვაც და ამოსვლაც. აბულაძეს იქვე ანგარიშის გაზრდაც შეეძლო, მეტოქეს თუ დაატრიალებდა. კარგადაც აქაჩა ლეიბიდან, თუმცა მაინც ვერ გადააგდო. ოღონდ ამ ეპიზოდში თავად მიუთითებდა მსაჯს მამადოვისგან ფეხის გამოყენებაზე და – ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ლადო გეგეშიძეც. გეგეშიძემ ჩელენჯიც მოითხოვა, რაც იმთავითვე დიდი რისკი იყო – ჭიდაობაში აზერბაიჯანელთან შეხვედრისას რამე მოგცენ, ლამის ფანტასტიკის სფეროა. მით უფრო, გამეორებაზეც ისეთი არაფერი გამოჩნდა და აკი არც დააკმაყოფილეს ჩვენი პროტესტი, მეტოქეს კი ქულა დაუმატეს და ანგარიში 1:2 გახდა. შეიძლება, ამით კატასტროფულად არაფერი იცვლებოდა, თუმცა მაინც აჯობებს, ასე არ გავრისკოთ. აქ იმედს ისიც გვიტოვებდა, რომ, მსაჯთა დაუწერელი “ძეგლის კანონით”, მეორე პერიოდში პასიურობისთვის მამადოვს დასჯიდნენ, რითაც ანგარიში გათანაბრდებოდა, 2:2 კი ჩვენს მოგებას ნიშნავდა, თუმცა აბულაძეს ანგარიშის გაზრდის შანსიც რჩებოდა ჩოქბჯენში დატრიალებით. ესეც ასრულდა – მეორე პერიოდში მამადოვი მართლაც დასაჯეს ქულით და ანგარიში 2:2 გახდა, თუმცა ვიდრე აბულაძე ჩოქბჯენში შეეკვროდა მეტოქეს, მანამ გეგეშიძე და მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ერთმანეთში წაკამათდნენ და ჩვენი მწვრთნელი ტრიბუნაზე გააძევეს… აბულაძე ამჯერადაც ახლოს იყო დატრიალებასთან, მაგრამ ვერც ახლა შეძლო ამის გაკეთება და შეხვედრა დგომში გაგრძელდა. ამ დროს წუთზე ცოტა მეტი რჩებოდა და, ალბათ, ეს შეხვედრის ყველაზე მძიმე მონაკვეთი იყო, როცა მამადოვი გამწარებით უტევდა, აბულაძე კი სრული მობილიზებით თავს იცავდა. უნდა ითქვას, რომ ამას წარმატებითაც აკეთებდა და კარგად უთიშავდა მეტოქეს ხელებს, ართმევდა ინიციატივას, თუმცა პასიურობისთვის მეორედაც ჩააყენეს ჩოქბჯენში. ოღონდ მანამ ერთი კურიოზული ვითარებაც შეიქმნა: ჭიდაობის მსაჯებს ხომ ყველაფერი უცნაური ემართებათ და მსაჯსაც შეეშალა, ვინ უნდა დამდგარიყო დაბლა – მამადოვს მოუწოდებდა ჩოქბჯენში ჩადგომისკენ. ის კი ანიშნებდა – მე არა, ქართველი უნდა დადგესო. მსაჯიც ერთხანს თავისაზე იდგა და ჯიუტად ანიშნებდა ზონისკენ… მამადოვს ცოტა დააკლდა, მსაჯს მამაპაპურად არ ჩააფარა, ამასობაში კი ისიც მიხვდა თავის შეცდომას. ჩვენდა საბედნიეროდ, აბულაძემ ამჯერადაც შესანიშნავად დაიცვა თავი და მეტოქეს ქულა არ დაანება, რითაც თვითონ გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ სეზონში აბულაძე ზედიზედ ხომ გავიდა მსოფლიოს ფინალში, ასევე ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატიც, ახლა კი მის ტიტულებს კიდევ ერთი, მეტად საამაყოც დაემატა.

ამ წონაში შარშანდელ მედალოსანთაგან აბულაძე ერთადერთია, ვინც წლეულსაც ავიდა კვარცხლბეკზე. დღევანდელი დღის მთავარ ამბად 67 კილოგრამში კუბელ ლუის ალბერტო ორტა სანჩესის გამარჯვება იქცა – ეს კაცი ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონია, ოღონდ – 60-ში, ამჯერად კი 2 წონით მაღლა მოგვევლინა და ამხელა ტიტულთან ერთად პან ამერიკის სამგზის ჩემპიონმა კაცმა კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მედალი და თან რა მედალი!

67-ში ისიც საინტერესოა, რომ შარშანდელთან შედარებით, ამჯერად ადგილები გაცვალეს აზერბაიჯანელმა ევროპის ჩემპიონმა ჰასრათ ჯაფაროვმა და ირანელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაიმ: აზერბაიჯანელი შარშანდელი მესამედან მეორე ადგილამდე აღზევდა, ირანელმა კი მეორედან მესამეზე ჩაინაცვლა.

87-ის ფინალში შარშანდელი მესამე პრიზიორები გავიდნენ, გამარჯვება კი თურქ ალი ჯენგიზს დარჩა, თუმცა უნგრელმა დავიდ ლოსონჟიმ ლამის ორჯერ დაადებინა ბეჭები, მაგრამ მსაჯებმა არ ჩაუთვალეს.

ამ ჩემპიონატის მახასიათებლად იქცა ისიც, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მასპინძლებმა ვერ გაილაღეს – შარშან თუ 4 ოქრო დაისაკუთრეს, ამჯერად საერთოდ ვერ მოიპოვეს, მხოლოდ 3 ბრინჯაო იკმარეს. მათ რიგებში არ ჭიდაობდა იმ ოთხიდან ერთ-ერთი ჩემპიონი, ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87).

ამდენად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადში 2 მედალი მოიპოვა – თითო ოქრო და ვერცხლი, გუნდურში კი მოკრძალებული 59 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზე ვართ. შეგახსნებთ, რომ პირველ საფინალო დღეს 55 კილოგრამში ხობელი ნუგზარ წურწუმია მეორეზე გავიდა. თუმცა ამ ნაკრებმა ვერ მოიპოვა ვერც ერთი ოლიმპიური ლიცენზია, რაც ამ გამოსვლისთვის სერიოზული მინუსია. ეს მედლები კარგია, მაგრამ ორივე არაოლიმპიურ წონაშია მოპოვებული, რაც პარიზის 2024-ის თამაშებზე ნადვილად არ გვიქადის წარმატებას. არც ისე დიდი ხნის წინ ოლიმპიურ გუნდში თითო წონა თუ დაგვაკლდებოდა, ამას განვიცდიდით მტკივნეულად, ახლა კი ლიცენზიების მოპოვებაც გვიჭირს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. ბელგრადი. 24 სექტემბერი

63 კგ. 1. ლერი აბულაძე (საქართველო); 2. მურად მამადოვი (აზერბაიჯანი); 3. ენეს ბასარი (თურქეთი), გიორგი თიბილოვი (სერბეთი)

67 კგ. 1. ლუის ალბერტო ორტა სანჩესი (კუბა); 2. ჰასრათ ჯაფაროვი (აზერბაიჯანი); 3. მატე ნემესი (სერბეთი), მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაი (ირანი); 10. ჯონი ხეცურიანი (საქართველო)

87 კგ. 1. ალი ჯენგიზი (თურქეთი); 2. დავიდ ლოსონჟი (უნგრეთი); 3. სემენ ნოვიკოვი (ბულგარეთი), ჟან ბელენიუკი (უკრაინა); 15. ლაშა გობაძე (საქართველო).

მსგავსი სიახლეები