ბაქოს “დიდი მუზარადის” მეორე დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი ძიუდოისტებისთვის. ამ დრეს – 23 სექტემბერს მხოლოდ ვაჟებში გამოვდიოდით – 4 მონაწილით, თუმცა მათგან სანუგეშო წრემდე მისვლაც კი მხოლოდ ერთმა შეძლო და იქ ისიც – ლაშა შავდათუაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, დანარჩენები კი ბევრად ადრე გამოეთიშნენ შეჯიბრებას. სამაგიეროდ, აზერბაიჯანელებმა გაიხარეს – ვაჟებში ორივე წონაში მათ გაიმარჯვეს.
ამ დღეს ვაჟებში ორ წონაში – 73-81-ში ტარდებოდა ტურნირი, ჩვენ კი ორივეგან 2-2 მონაწილე გვყავდა. ისე მოხდა, რომ 73-ში ორივე ძიუდოისტი რუსებმა დაგვიმარცხეს. იქამდე ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა შავდათუაშვილმა ჯერ მასპინძელი ნურლან ოსმანოვი დაჯაბნა ორი ვაზარით – თავიდან კონტრშეტევით გარეფეხით გადააგდო, შემდეგ კი ზედა ჩავლებიდან დგომიდანვე ჩაატრიალა. ყაზახი ჟანსაი სმაგულოვი დამატებით დროში გაფრთხილებებით მოახსნევინა (თუმცა თვითონაც 2 ჰქონდა), ამის შემდეგ კი ნეიტრალურ ათლეტთა გუნდის რუს წევრ დანილ ლავრენტიევთან ასევე დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ხელში კი აიტაცა ის და ცდილობდა ბრუნზე გადაგდებას, რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ კი რუსმა ვაზარიზე გადაადგო. სამწუხაროდ, დამამშვიდებელში შავდათუაშვილმა პირველივე შეხვედრა დათმო ესპანელ სალვადორ კასეს რიკასთან და მეშვიდე ადგილზე დარჩა.
ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა პირველ წრეში თურქი ბაირამ კანდემირი გაფრთხილებებით მოახსნევინა, ლატვიელი აბულფაზ ნასიბოვსი ვაზარით დაამარცხა, მერვედფინალში კი რუს მახმადბეკ მახმადბეკოვთან წააგო.
ჩვენები მერვედფინალიდან გამოვარდნენ 81 კილოგრამშიც, თუმცა ზაურ დვალაშვილმა მანამდე ერთი ხმაურიანი გამარჯვებაც მოიპოვა – მეორე წრეში თურქთა ქართველი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვედატ ალბაირაქი დამატებით დროში გარესარმით ვაზარიზე დააგდო, მანამდე კი რუსი ტიმურ არბუზოვი თავს უკან უკუგდებით ვაზარიზე გადაიტანა. მესამე პაექრობა ჩვენებურმა გაფრთხილებებით დათმო იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან.
დიმიტრი გოჩილაიძემ ჩეხი ადამ კოპეცკი ორი ვაზარით დაამარცხა, მაგრამ შემდეგ თვითონაც იმავე შეფასებით დათმო პაექრობა იაპონელ კენია კოჰარასთან.
ბაქოს ტურნირი 24 სექტემბერს დასრულდება. ამ დღეს ვაჟებში 90, 100 და მძიმე წონების ფალავნები იასპარეზებენ, ქალებში კი 2 წონის მონაწილენი შეიბმებიან მედლებისთვის – 78 და +78. ჩვენ ამ დღეს 7 მონაწილე გვეყოლება – 6 ვაჟი და 1 – ქალი.
90 კგ
თორნიკე ფოლადიშვილი პირველივე წრეში იჭიდავებს რუს ელდარ ალახვერდიევთან და თუ მოუგებს, მერე დომინიკანელ რობერტ ფლორენტინოს შეხვდება. ამ ჯგუფის რეიტინგ-ფავორიტი უნგრელი მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტია, მასპინძელთაგან კი ამ ჯგუფში მურად ფატიევია.
პირველივე წრეში იჭიდავებს ამ წონაში ახალამონაცვლებული ვლადიმერ ახალკაციც – ესპანელ დანიელ ნიეტო ტრინიდადთან, ამათში მოგებულს კი ჯახონგირ მაჯიდოვი ელოდება. ჯგუფში ამავე მხარეს არიან ფრანგი ალექსის მათიუ და ბელგიელი ევროპის მესამე პრიზიორი სამი ჩოუჩი – ისინი მეორე წრეში (პირველში ორივე ისვენებს) ერთმანეთს ხვდებიან და მათ შორის უძლიერესი მერვედფინალში ახალკაცის ბადიდან გასულს შეხვდება. ჯგუფის ქვედა მხარეს, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის თურქთა სლოვენიელი ევროპის ჩემპიონი მიხაელ ზგანკია.
100 კგ
მსოფლიოს მესამე პრიზიორი ილია სულამანიძე მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერია და თავიდან ისვენებს, თუმცა მეორე წრეში მეტოქეც ძლიერი არგუნა წილისყრამ – რუსი ნიიაზ ბილალოვი. აქამდე მათ ერთხელ იჭიდავეს ერთმანეთში – თბილისის ტურნირზე 2021 წელს და მაშინ სულამანიძემ იმარჯვა. რუსის გარდა, ამ ჯგუფში სერიოზული კონკურენტი მხოლოდ ბრაზილიელი რაფაელ ბუზაკარინი ჩანს.
პირველ წრეში ისვენებს ერეკლე ბაზიერიშვილიც, მეორეში კი მასაც ძლიერი თუ არა, არასასურველი მეტოქე ნამდვილად ერგო – იაპონელი კოსუკე მაშიამა. ამ ჯგუფში არიან მასპინძელთა ევროპის 4-გზის და მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ზელიმ კოცოევი და გერმანელთა ქართველი გიორგი უძილაური.
+100 კგ
ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი განთესილია და პირველ წრეში ისვენებს, თუმცა ჯგუფში მასთან განუთესავთაგან ჩვენთვის უხერხული რუსთა ოსი ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი ტამერლან ბაშაევი მოხვდა. თუშიშვილი პირველ შეხვედრას ამერიკელ ფილიპ ჰორიუჩისა და ტაჯიკ მანსურ რაჰმონს შორის მოგებულთან გამართავს და თუ დაამარცხებს, მისი გზა მერე გადაიკვეთება ბაშაევთან, ის თუ მანამდე არ წააგებს. თუშიშვილი მას 8-ჯერ შეხვდა და მხოლოდ 3-ჯერ მოუგო, ბოლოს – ტოკიოს ოლიმპიადაზე.
გელა ზაალიშვილი პირველივე წრეში ჭიდაობს ყაზახ ადილ ორაზბაევთან. თუ მოუგებს, მერე ნეიტრალური გუნდის ბელარუს იჰარ კუხარენკასა და გერმანელ ერიკ აბრამოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ჯგუფშია უნგრელი რიხარდ სიპოჟიც.
+78 კგ
სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში კი ისვენებს, თუმცა ამ შეღავათს წილისყრის წყალობას ვერ დავარქმევთ, რადგან მეორე წრეში, შესაძლოა, იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ სარა ასაჰინასთან მოუწიოს დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში, მანამდე ის გერმანელ სამირა ბოუზგარნესთან აშკარა ფავორიტია და თუ სენსაციას ინებებს, ღმერთმაც ჰქნას!
ძიუდო. “ჰეიდარ ალიევი ბაქოს დიდი მუზარადი”. ბაქო. 23 სექტემბერი
ვაჟები
73 კგ 1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი); 2. პეტრუ პელივანი (მოლდოვა); 3. შახრამ აჰადოვი (უზბეკეთი), მახმადბეკ მახმადბეკოვი (ნეიტრალური); 7. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
81 კგ. 1. ზელიმ ტკაევი (აზერბაიჯანი); 2. შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია); 3. კენია კოჰარა (იაპონია), ანტონიო ესპოზიტო (იტალია)
ქალები
63 კგ 1. ანგელიკა ჟიმანსკა (პოლონეთი); 2. ჟოფი ოზბასი (უნგრეთი); 3. გილი შარირი (ისრაელი), კატარინა ჰაცკერი (ავსტრალია)
70 კგ 1. ელიზავეტ ტელტსიდოუ (საბერძნეთი); 2. აი როუსტანტ ცუნოდა (ესპანეთი); 3. მარი ევა გაი (საფრანგეთი), ბარბარა მატიჩი (ხორვატია)