380675519_847015050432008_3710683840627168845_n

წურწუმია ფინალში და უღიმღამო სტარტი

ბელგრადში, მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში 21 სექტემბერს ბერძენ-რომაელები ჩაებნენ 4 წონითი კატეგორიით და ჩვენგან 1 ფინალში კი გავიდა – ნუგზარ წურწუმია (55), თუმცა სტარტი მაინც წარუმატებელი გამოგვივიდა: დანარჩენი 3 მონაწილე დამარცხდა და უკვე დაემშვიდობა ტურნირს. არადა, ამ 3-დან 2 ოლიმპიური წონითი კატეგორია იყო – 77 და 130, სადაც გუნდის ლიდერები – იური ლომაძე და იაკობ ქაჯაია გამოდიოდნენ. თუმცა სტატისტი არც მესამე წაგებულია – თავის დროზე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის წლევანდელი ფინალისტი გელა ბოლქვაძე (82). ბუნებრივია, მსოფლიოს ჩემპიონატის მედალს “კბილი არ მოესინჯება” და არც არაფერი დაეწუნება, მაგრამ ეს არაოლიმპიური წონაა, ოთხწლიანი ციკლის მთავარი შეჯიბრება კი ოლიმპიადაა და  ოლიმპიურ წონებში განცდილი მარცხიც ამიტომაა მტკივნეული. მით უფრო, ამ ციკლში ლიცენზიების მოპოვება ბევრად გართულდა – სალიცენზიო ტურნირებიც ერთით შემცირდა და იქაც ადრინდელზე ნაკლები საგზურები გაიცემა.

მოკლედ, პირველი დღის შემდეგ ერთი მედლის მოპოვების შანსი შეგვრჩა, თორემ ლიცენზიისა – არა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ წურწუმიასაც ფინალში მეტოქედ მისთვის მეტად უხერხული და მოუხელთებელი ელდანიზ აზიზლი ჰყავს, რეალურად, ხვალ უფრო ვერცხლს უნდა ველოდოთ, თუმცა სასწაულის იმედსაც ვიტოვებთ.

არადა, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა და ოთხივე ჩვენებური მეოთხედფინალში გავიდა. თანაც – დამაჯერებელი ჭიდაობით (ლომაძემ სულაც ჩვეულად გადაურბინა მეტოქეებს). ერთადერთი, ქაჯაიას უჭირდა შედარებით – ორივე შეხვედრა 1:1-ზე მოიგო, თორემ დანარჩენები ბევრად დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ იქ ფორტუნამ ავად დაიქუხა: ჯერ ქაჯაია დამარცხდა, მერე – ბოლქვაძე, ბოლოს კი ლომაძემ ცივი შხაპი მიგვაღებინა – 0:10 წააგო! ეს დაწყევლილი ბარიერი მხოლოდ წურწუმიამ გადალახა და ბოლოს ფინალშიც გავიდა.

ხობელი მსოფლიოს ჩემპიონი მერვედფინალიდან ჩაება შეჯიბრებაში, სადაც პირველივე პერიოდში წმინდად დაამარცხა ალჟირელი მოჰამედ იაცინ დრიდი: 12:2. აქ გადამწყვეტი მომენტი 2:2-ზე დადგა, როცა მეტოქემ დგომიდან სცადა შესვლა, მაგრამ ქართველმა დაუბლოკა და იქით გადააგდო, თუმცა არ მოეშვა, ჩოქბჯენიდან ორჯერ აქაჩა და ორივეჯერ დგომიდან გადააგდო 4-ქულიანზე.

1.06 წამი მოანდომა მეოთხედფინალში წმინდა გამარჯვებას მოლდოველ არტიომ დელეანუსთან – 10:0. ძირითადი მოვლენები აქაც ჩოქბჯენში განვითარდა, როცა ხობელმა ათლეტმა კვლავ ორჯერ აქაჩა ლეიბიდან და დგომიდან ორჯერ, კვლავ მაღალი ტრაექტორიით გადააგდო. ამჯერადაც – 4-ქულიანებზე,   ნახევარფინალში კი 7:4 მოუგო უზბეკთა შარშანდელ მსოფლიოს მესამე პრიზიორ ჯასურბეკ ორტიკბოევს. წურწუმიამ მას შარშანაც მოუგო მსოფლიოს პირველობაზე – მეოთხედფინალში ანუ მისთვის ნაცნობი მეტოქე იყო. მასაც ჩვეულად თავიდანვე მაღალ ტემპში შეუტია და საწყის ნახევარ წუთშივე დგომში ჯვარედინ მოვლებაზე მეტოქის შესვლა დაბლოკა და იქით გადააგდო უკან – 2:0. მოგვიანებით უზბეკი ქულით და ჩოქბჯენით დასაჯეს, წურწუმიამ კი დაატრიალა და 5:0 დაწინაურდა. იქვე მან მეორედაც დატრიალა, თუმცა უზბეკი უფრო გაუვარდა ხელიდან, ვიდრე – გაუსხლტა და გდება არ შედგა.

წურწუმიამ პირველი პერიოდი 5:0 მოიგო და მეორეში უფრო ჩამშლელ ჭიდაობაზე გადავიდა. შედეგად, პასიურობისთვისაც დასაჯეს ქულით და ჩოქბჯენში ჩააყენეს. იქ წრიდან კი გაექცა, მაგრამ გააფრთხილეს, მორიგი ქულით დასაჯეს და ისევ ჩოქბჯენში დააყენეს. უზბეკმა ამჯერად დაატრიალა და ანგარიში 5:4 გახდა. ამ დატრიალების შემდეგ წურწუმია წამოდუგა და წრიდანაც გაიყვანა, თუმცა ეს აშკარად ხელის კვრით გააკეთა და გაყვანა არ ჩაუთვალეს. სამაგიეროდ, დარჩენილ წუთზე ცოტა მეტ დროში თავი კარგად დაიცვა და ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.

ტურნირი ოზურგეთელმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლომაძემაც მისთვის ჩვეულ სტილში დაიწყო და საწყის ორ შეხვედრაში ყველაფერი ის საუკეთესო გვაჩვენა, რისთვისაც გვიყვარს მისი ჭიდაობა: სწრაფი, თავბრუდამხვევი ტემპი, 4-ქულიანი გდებები და ჰაერში აფრიალებული მეტოქეები, ილეთები დგომიდან და თვალმიუდევნებელი დატრიალებები ლეიბზე… 

4-ქულიანი ლომაძემ პირველივე შეხვედრაში გვაჩვენა ნეიტრალური გუნდის ბელარუს პაველ ლიახთან, როცა პასიურობისთვის ქულით და ჩოქბჯენით დასჯილი ხალიჩიდან აქაჩა და დგომიდან 4-იანზე გადააგდო. მან კომბინაციაში მეორე ანალოგიური გდებაც მიაყოლა, თუმცა ამჯერად ტრაექტორია არ იყო მაღალი და 2 ქულად შეაფასეს, ლომაძემ კი საბოლოოდ 7:2 მოიგო. პოლონელი პატრიკ ადამ ბედნარზი ბოლოს გაისროლა 4-ქულიანზე, როცა ლეიბიდან აქაჩული კარგად დაატრიალა, მანამ კიდევ აართვა ქულები და საბოლოოდ 10:1 მოუგო. აი, ამის შემდეგ წმინდად წააგო იაპონელ ნაო კუსაკასთან.

აჭარის წარმომადგენელმა ბოლქვაძემ პირველ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა გერმანელთა ჩეჩენი იდრის იბაევი, ვინც ბოლოს გაეჭიმა კიდეც ჩვენებურს და მსაჯს მოუხდა გამშველებლად ჩადგომა. სამწუხაროდ, მეორე პაექრობა გელამ მოლდოველ მიჰაილ ბრადუსთან დათმო: 3:4.

წყალტუბოელმა ოლიმპიადის ფინალისტმა, ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს მესამე პრიზიორმა ქაჯაიამ პირველ შეხვედრაში 1:1-ზე ბოლო ქულის წესით დაამარცხა აზერბაიჯანელთა ქართველი ბექა კანდელაკი. ანუ პირველ წრეში პასიურობისთვის ქაჯაია ჩააყენეს ჩოქბჯენში, მეორეში – კანდელაკი, იქ ვერც ერთმა ვერ დაატრიალა და რაკი ბოლო ქულა ქაჯაიამ მიიღო, გამარჯვებაც მას დარჩა. ფინელ ელიას კოუსმანენთანაც ასე წარიმართა შეხვედრა და ბოლო ქულის გამო მოგება კვლავ ჩვენ დაგვრჩა, მაგრამ მეოთხედფინალში ჩინელმა ლინგჟე მენგმა 3:1 მოუგო… 22 სექტემბერს ჩემპიონატში 60, 72 და 97 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ. ამათგან 60 და 97-ია ოლიმპიური კატეგორიები, ჩვენგან კი ხულოელი მსოფლიოს ორგზის ფინალისტი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ლერი აბულაძე (60), ხელვაჩაურელი მსოფლიოს მესამე პრიზიორი რამაზ ზოიძე (72) და ახალგაზრდებში მსოფლიოს სამტრედიელი ჩემპიონი გიორგი მელია (97).

მსგავსი სიახლეები