16 სექტემბერს სტარტს აიღებს მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც წლეულსაც ბელგრადი მასპინძლობს. წლეულსაც, რადგან პლანეტის პირველობა შარშანაც იქ ჩატარდა და კარგად გვახსოვს, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდათ მაშინ ადგილობრივ ფალავნებს. საკმარისია აღინიშნოს, რომ მხოლოდ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ერთბაშად 4 ჩემპიონი გაუხდათ! მოქმედ ჩემპიონთა აბსოლუტური უმეტესობა წლეულსაც იჭიდავებს, მხოლოდ თითო-ოროლა გამონაკლისია და სწორედ ამათ შორისაა სერბთა ქართველი ლიდერი ზურაბ დათუნაშვილი (87) – ის ბელგრადში არ იასპარეზებს.
ყველა თანხმდება იმაზე, რომ წლევანდელი ჩემპიონატი შარშანდელზე გაცილებით რთული იქნება, რადგან ამჯერად პარიზის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა – წონაში 5 საგზური. მას 4-ვე მედალოსანი უპრობლემოდ მიიღებს, აი, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხებულებს კი ერთმანეთში აჭიდავებენ და სწორედ მათ შორის გამარჯვებული აღმოჩნდება ის ბედნიერი, ვინც დარჩენილ მე-5 ლიცენზიას მიიღებს. არადა, წინა ოლიმპიურ ციკლში ორივე დამარცხებული იღებდა ლიცენზიას, ეს დამატებითი შეხვედრა აღარ იყო საჭირო, წონაში 6 საგზური გაიცემოდა. ზოგადად, რაც დრო გადის, სპორტის უმეტეს სახეობაში ლიცენზიების მოპოვება სულ უფრო რთულდება. კონკრეტულად ჭიდაობაში საგზურების რაოდენობის შემცირების გარდა, სალიცენზიო ტურნირებიც მოაკლდა და რაც დარჩა, იქაც შედარებით ნაკლები გაიცემა.
სამაგიეროდ, უცვლელად დარჩა სალიცენზიო წონების საკითხი: ოლიმპიადის პროგრამაში 10-დან კვლავაც 6 წონა შედის. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ესენია 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამები, ბერძნულ-რომაულში – 60, 67, 77, 87, 97 და 130 კილოგრამები. ცხადია, რომ ბელგრადში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადი დატვირთვა ამ წონებზე მოვა.
პლანეტის პირველობაში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავენი ჩაებმებიან. ჩვენები 14 სექტემბერს გაფრინდნენ სერბეთში, რადგან 15-ში უკვე წილისყრაა. ჩვენი ნაკრები აქაც იმავე შემადგენლობით გამოვა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატში იასპარეზა. ქართული ათეულიდან თითქმის ყველა შედის მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ათეულში, თუმცა რეიტინგის ლიდერი მხოლოდ ერთია – მსოფლიოსა და ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი, ონელი მირიან მაისურაძე (92). სამეულში კიდევ ორი მოჭიდავე გვყავს, ორივე – ზემძიმე წონაში: გორელი ოლიმპიადის ფინალისტი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) მეორეა, ხოლო ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მცხეთელი ბრინჯაოს მედალოსანი გივი მაჭარაშვილი (97) – მესამე. ხუთეულში ორი კაცი გვყავს – შოთა ფარტენაძე (61) აჭარიდან და ამბროლაურელი ევროპის მესამე პრიზიორი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ გამყრელიძე (79).
სხვა წონებს რაც შეეხება, 57-ში IX ადგილზე ყვარლელი რობერტ დინგაშვილია, X – გორელი ევროპის მესამე პრიზიორი ბექა ბუჯიაშვილი. 65-ში სამტრედიელი ედემი ბოლქვაძე VIII, ახალგაზრდებში მსოფლიოს ამბროლაურელი ჩემპიონი გიორგი ელბაქიძე (70) VI, ხოლო თბილისელი ტარიელ გაფრინდაშვილი (86) VIII ადგილებზე არიან. ერთადერთი წონა, სადაც რეიტინგის მოწინავეთა შორის არა ვართ, 74 კილოგრამია. არადა, აქ მსოფლიოს ფინალისტი, ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი, ამბროლაურელი ავთანდილ კენჭაძე გვყავს, თუმცა მას მწვრთნელები რატომღაც მუდმივად ზედა წონაში აჭიდავებენ, იქაური რეიტინგი კი აქ არაფერში არგია.
რეიტინგი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ პირველი 8 კაცი განთესილია ანუ ლიდერები, მინიმუმ, მეოთხედფინალამდე ერთმანეთს არ ხვდებიან; დიდი ალბათობით, პირველ წრეში ყველა დაისვენებს… ერთი სიტყვით, ეს გარკვეული და არცთუ ცოტა კომფორტია ფალავნებისთვის, განთესვის პრინციპი კი ზუსტად იგივეა, რაც – ძიუდოში: როგორც გითხარით, აქაც 8 კაცი განითესება, რეიტინგის პირველი ნომერი კი მეოთხედფინალში მერვე ადგილზე მყოფზე გადის, მეორე – მეშვიდესთან, მესამე – მეექვსესთან, მეოთხე კი მეხუთესთან წყვილდება. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, რომელიმე განთესილი მანამ თუ არ წააგებს. თუმცა წლეულს ეს განთესვაც საგრძნობლად აირევა, რადგან რუს და ბელარუს სპორტსმენებს ყველასათვის ცნობილი დისკვალიფიკაციის გამო ბევრი ტურნირი გაუცდათ და არც რეიტინგი აქვთ. არადა, ისინი ნეიტრალური გუნდის სახელით იჭიდავებენ ბელგრადში და მხოლოდ ერთი ღმერთმა უწყის, კენჭისყრისას ვინ ვის მხარეს მოხვდება – არაა გამორიცხული, პირველივე წრეში შეხვდნენ განთესილებს.
როგორც უკვე გითხარით, 15 სექტემბერს აწონვაა, 16-ში კი `თავისუფალთა~ ტურნირში 61, 70, 86 დ 125 კილოგრამების ფალავნები ჩაებმებიან.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:
- 57 კგ. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
- 61 კგ. შოთა ფარტენაძე (აჭარა)
- 65 კგ. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
- 70 კგ. გიორგი ელბაქიძე (ამბროლაური)
- 74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
- 79 კგ. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური)
- 86 კგ. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
- 92 კგ. მირიან მაისურაძე (ონი)
- 97 კგ. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
- 125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)