378208323_829298125354982_4945718205584327252_n

ბოიარშინოვა სტენდში ევროპის ჩემპიონია

მრგვალ სტენდზე მსროლელი ელიზავეტა ბოიარშინოვა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია. ხორვატულ ოსიეკში მიმდინარე მესტენდურთა კონტინენტის პირველობაზე 16 სექტემბერს ჩვენმა მსროლელმა ფინალში დამატებით სერიაში 2:1 აჯობა სლოვაკ მიროსლავა ჰოკოვას და ჩემპიონი გახდა.

არადა, ბოიარშინოვამ პირველ დღეს, როცა მესტენდურებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 სერია ისროლეს, 65 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე იყო. მაშინ ცოტა ძნელი წარმოსადგენი გახლდათ ფინალში გასვლაც კი, არათუ იქ გამარჯვება. დღეს ისიც ძნელი წარმოსადგენია, როგორი წვალებით გაემგზავრა ის ხორვატიაში და რამხელა ძალისხმევა დასჭირდა მის წასვლას, ვინაიდან იარაღის გადატანაზე თურქეთში ტრანზიტისას დამატებითი ნებართვა სჭირდებოდა. ეს საკითხი, ფაქტობრივად, ზედ ბოლო დღეს როგორღაც მოგვარდა – ნინო სალუქვაძემ თურქეთის ფედერაციას სთხოვა დახმარება, მაგრამ მერე თვითმფრინავის რეისი გადაიდო და ისევ აირია ყველაფერი – ისევ დახმარების თხოვნა, ზარი საორგანიზაციო კომიტეტში და იმათთვის ახსნა, რომ რეისი გადადების გამო გუნდი ოსიეკში ჩასვლას აგვიანებდა და იქნებ მათთვის მოგვიანებით გაეგზავნათ ტრანსპორტი… ეს პრობლემა უკვე მთელ ახალგაზრდულ ნაკრებს შეეხო, მაგრამ იარაღის ნებართვის გამო ბოიარშინოვას საკითხი ყველაზე მწვავედ იდგა, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი ჰეფი ენდით დამთავრდა…

ბოიარშინოვამ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დღე და დარჩენილი 2 სერია ცოტა უკეთ ჩაატარა – 47 ქულა დააგროვა (24+23), ჯამში კი 112 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გავიდა. თუმცა ფინალურ ექვსეულში მაინც მოხვდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: საკვალიფიკაციო ეტაპი 120 ქულით ბრიტანელმა პჰოებე გრაცე ბოდლი-სკოტიმ მოიგო და ახალგაზრდებში შესარჩევი ეტაპის ევროპის რეკორდიც კი დაამყარა, თუმცა ის სალიცენზიო ქულებისთვის გამოდიოდა და ამიტომ ფინალში ვერ გავიდა. ასე ერგო ბოლო, მეექვსე საგზური ბოიარშინოვას, ვინც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა ასევე 112-ქულიან სლოვაკ ადრიანა ზაიკოვას. ეს ის ზაიკოვაა, ვინც პირველ დღეს სამ სერიაში ერთადერთმა მოინადავლა 25 ქულა, ეხლა კი ფინალში ვერ მოხვდა.

ფინალის საგზური 2-2-მა გერმანელმა და ბრიტანელმა მოიპოვა, რომლებსაც ჩვენი ჩუბინი და სლოვაკი დაემატნენ. შესარჩევი ეტაპი 116 ქულით დაასრულა გერმანელმა ემილიე ბუნდანმა და მეორეზეც გავიდა. 114 ქულა ჰქონდათ გერმანელ ლუისე მიდელს და ბრიტანელ მადელაინ ზარინა რუსელს. 113 დააგროვეს ზემოხსენებულმა სლოვაკმა ჰოკოვამ და ბრიტანელმა ლილიან ბეტანი ნორტონმა, ამათ კი ბოიარშინოვა მიჰყვა 112 ქულით.

ჩვენმა მსროლელმა ფინალი მაღალ დონეზე ჩაატარა. დასაწყისი ხომ საერთოდ ჩინებული ჰქონდა – საწყის 26 გასროლაში დანაკარგი არ ჰქონია და ერთხანს 4 ქულითაც კი გაუსწრო მდევრებს. ის პირველივე სერიიდან დაწინაურდა და გამოცდილი ჩუბინივით აუღელვებლად ისროდა. პირველი ქულა მან 30-ე გასროლაზე დაკარგა და აქედან მოყოლებული, რამდენჯერმე კი გაექცა სამიზნე, თუმცა თავი მალევე მოთოკა. ის მერეც არ მოშვებულა, რაც სამნი დარჩნენ ანუ მედალი უკვე განაღდებული იყო – ბოლომდე იბრძოლა, ამ ასაკში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ჰოკოვას არაფერი დაუთმო იმის მიუხედავად, რომ ის დაეწია კიდეც, მაგრამ ასე მხარდამხარ სიარულში საბოლოოდ დამატებითში მაინც გატეხა.

არადა, შეეძლო, ცოტა ადრეც დაებევებინა მოგება ან ის რამდენიმექულიანი ჰანდიკაპი შეენარჩუნებინა – ბოლო სერიებში ორჯერ მოხდა, როცა ქულა ქულაში მიმდინარე სროლისას სლოვაკმა (პირველი ის ისროდა) ორჯერ ააცილა სამიზნეს, თუმცა ბოიარშინოვამაც იგივე გააკეთა. ასე მივიდნენ ბოლომდე, როცა 4 გასროლა რჩებოდა, ანგარიში კი 49:49 იყო. ჰოკოვამ ბოლო თეფშები სრულად დაამსხვრია და 53 ქულით დაასრულა გამოსვლა. ამ პირობებში ჩვენებურისთვის ფსიქოლოგიურად რაოდენ ძნელი იქნებოდა სროლა, როცა აცილების ნება არ ჰქონდა და აკი არც დაუცილებია – ოთხივე სამიზნე დააზიანა და მანაც 53 ქულით დაასრულა გამოსვლა. წესისამებრ, დაინიშნა დამატებითი სერია, სადაც ჰოკოვამ ბოლო ცდა ვერ გამოიყენა, ბოიარშინოვამ კი კიდევ ერთხელ გამოავლინა კარგი ფსიქოლოგიური მომზადება და ორივე ცდა მიზანში გაარტყა, რამაც მოუტანა კიდეც ევროპის ჩემპიონის ტიტული. ჰოკოვას ვერცხლი დარჩა, ბრინჯაო კი ბრიტანელმა რუსელმა მოიპოვა 43 ქულით. ოსიეკში ბიჭებშიც გვყავდა მონაწილე – ლევან კაპანაძეც, თუმცა ფინალში ვერ მოხვდა – გამოსვლა 113 ქულით (23, 22, 23, 22, 23) და 24-ე ადგილით დაამთავრა. 17 სექტემბერს ის და ბოიარშინოვა შერეულ წყვილებში იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები