22 თებერვალს, საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18-მეტროან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ესაა არაოლიმპიური დისციპლინა, რომელიც ზამთრის პერიოდში ტარდება დარბაზში, 18-მეტრიან დისტანციაზე, რის გამოც მას ზამთრის, ანაც დარბაზის ჩემპიონატსაც უწოდებენ.
წლევამდელ ევროპირველობას თურქული “სამსუნი” მასპინძლობს, ევროპის პრიზიორები კი გვანცა არჩვაძე, ნია გათენაძე და ანა ბოლოკაძე გახდნენ. მათგან პირად პირველობაში საუკეთესო შედეგი არჩვაძეს ჰქონდა – 567 ქულა, რაც მე-7 შედეგი იყო. გათენაძე 546-ით მე-13-ე იყო, ხოლო ბოლოკაძე 524-ით მე-17 ადგილზე გავიდა.
ამ ტრიოს ჯამში 1637 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე გავიდა. ნახევარფინალური პაექრობა მათ იტალიასთან დათმეს – 2:6, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი იმავე ანგარიშით მოლდოვა დაამარცხეს. ჩემპიონი თურქეთი გახდა, ვინც ფინალში იტალიას 5:1 მოუგო.
პირად პირველობაში მეოთხედფინალში გავიდა გვანცა არჩვაძე. ის განთესილი იყო და პირველ წრეში ისვენებდა, სტარტი კი მერვედფინალიდან აიღო, სადაც 3 სეტში ნეიტრალური გუნდის წევრ სოფია მერკულოვას მოუგო – 6:0, მეოთხედფინალში კი თურქთა მომავალ ჩემპიონ ელიფ გოკირთან დამარცხდა, ოღონდ ფრიად დაძაბულ პაექრობაში – გადასროლაში წააგო. ძირითად დროში თურქმა ანგარიში ბოლო, მეხუთე სერიის მოგებით გაათანაბრა, არჩვაძემ კი გადასროლაში 9:10 წააგო და შეხვედრა საბოლოოდ 5:6 დათმო. ის მეხუთე ადგი.ლზე გავიდა.
პირველ წრეში – 1/16-ფინალში ნია გათენაძეც ისვენებდა, მომდევნო ეტაპზე კი სლოვაკ ადელკა ტოლაროვიჩოვასთან წააგო – 1:7. 1/16-ფინალიდან ჩაება პლეი ოფში ანა ბოლოკაძე, სადაც მოლდოველ დანიელა მინდრუსთან 2:6 დამარცხდა.
21 – წლამდელებში ბიჭებშიც სრულად დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა. მათგან შესარჩევში საუკეთესო ალექსანდრე მაჭავარიანი იყო, ვინც 585 ქულა მოინადავლა და მე-6 ადგილზე გავიდა. დავით ბასილაძის მონაგარი 561 ქულა და მე-18 საფეხურია, ცოტნე გერაძისა – 523 ქულა და 27-ე პოზიციაა.
პლეი ოფის პირველივე ეტაპზე მაჭავარიანი და გერაძე შეხვდნენ ერთმანეთს და მაჭავარიანმა 7:3 იმარჯვა, თუმცა მომდევნო პაექრობა რუმინელ ტამას მორესთან 6:2 წააგო. ბასილაძემ პირველივე პაექრობა 4:6 დათმო ლიეტუველ ემილის ტამულიონისთან.
გუნდურ ჩათვლაში ამ ტრიოს 1669 ქულა გამოუვიდა, რაც მე-6 შედეგი აღმოჩნდა. პლეი ოფში ჩვენებმა პირველივე შეხვედრა მომავალ ფინალისტ რუმინეთთან დათმეს, თუმცა – გადასროლაში: 4:5.
თითო წარმომადგენელი უფროსებშიც გვყავდა – ციკო ფუტკარაძე ქალებში და ანრი ბასილაძე ვაჟებში. ფუტკარაძე საკვალიფიკაციოში 578 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა, ბასილაძემ კი 575 ქულა მოინადავლა, რაც მე-12 შედეგი აღმოჩნდა. პლეი ოფში ფუტკარაძემ 2 წრე გაიარა – ისლანდიელ ასტრიდ დაქსბუკს 7:1, ხოლო ავსტრიელ ელიზაბეტ სტრაკას გადასროლაში 6:5 აჯობა. მეოთხედფინალში ჩვენებური ფრანგთა ფინალისტ ვიქტორია სებასტიანთან (ფინალები 23 თებერვალს გაიმართება) 3:7 დამარცხდა და საბოლოოდ მე-8 ადგილი ერგო.
ბასილაძე პლეი ოფის პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი თურქ ბერკიმ ტუმერთან 2:6 წააგო.
ავტორი – ირაკლი იმედაძე