სტუმრად, ბრესტში!

სამთავიანი წიგნის, პირველი თავი

იანვრის ბოლო დღეებში, საფრანგეთში, განსაკუთრებით პარიზში, ქართული დროშით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა. მიზეზი ყველასათვის ნაცნობი იყო, აწ უკვე ნეაპოლიდან გაცნობილი ქართველი, სიყვარულის ქალაქში, ახალი მიზნებისთვის გაეშურა! ხვიჩა კვარაცხელიას, პარიზულ ვოიაჟში, პირველი ნაბიჯების გადადგმა, საბედნიეროდ, „ პარკ დე პრენსზე “ მოუწია. შედეგით უკმაყოფილო, არც არავინ დარჩენილა, მეტიც, მე თუ მკითხავთ, კვარაცხელიას მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა. ლუის ენრიკემ, კვარაცხელია, 83 წუთის განმავლობაში, სამ სხვადასხვა პოზიციაზე მოსინჯა. ესპანელი თავკაცის ეს ქმედება სავსებით ლოგიკური იყო, რადგან პარიზული კლუბის შეტევითი რესურსი, ალბათ, მსოფლიოს გრანდებს შორის, ყველაზე მრავალრიცხვოვანია. ამიტომ, კვარაცხელიას ერთ კონკრეტულ პოზიციაზე, არც არავინ ველოდით. ჰოდა, ამ სამი პოზიციიდან (გარემარბი, ცრუ ცხრიანი, გამთამაშებელი), თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელიამ გამთამაშებლის პოზიცია ყველაზე კარგად მოირგო. მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან, ქართველმა ათიანის პოზიცია დაიკავა და გუნდმა სანახაობრივი თამაშიც დაიწყო, რისი მთავარი ადრესატიც ხვიჩა კვარაცხელია იყო. ჰოდა, ამ ყველაფერს ასე, უბრალოდ, როგორ ჩაევლო? 47 წუთზე, ხვიჩამ, მარცხენა ფლანგიდან, ბურთი შუაში წაიღო, დეზირე დუესთან ლამაზი კედელი გაითამაშა და, საბოლოოდ, მარჯვენა ფლანგზე, ფრანგთა ათი ნომერი, უსმან დემბელე მონახა, რომელმაც კვარაცხელიას ეს კარგი ქმედება გოლად ასახა! მოკლედ, კვარამ, ფრანგებს, თავისი თავი პირველივე მატჩში, კიდევ ერთხელ გააცნო!

 ჰოდა, ახლა სტუმრობის დროა იქ, სადაც სამთავიანი წიგნის პირველი თავი დაიწერება! ბრესტში, ფეხბურთი უკვე 122 წელია ცოცხლობს, მაგრამ, როგორც საფეხბურთო კლუბი „ ბრესტი “, 1950 წლიდან მოგვევლინა. ამ ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ისტორიით ვერ დაიკვეხნიან თავს, ფეხბურთი ძალიან უყვართ. საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ისინი, პირველად, 2010 წელს გამოჩნდნენ, სამი წელი გაატარეს და რანგით მეორე ლიგაში დაქვეითდნენ, უკან დაბრუნება კი 2019 წელს შეძლეს. ოთხი წლის განმავლობაში, ფრანგული კლუბი, ფეხბურთის გულშემატკივრებს, განსაკუთრებულს ვერაფერს სთავაზობდა, მეტიც, 2020 წელს, ცოტა აკლდათ და მეორე დივიზიონს დაუბრუნდებოდნენ. ოთხ წლიანი ერთფეროვნების შემდეგ, 2023 წელს, გუნდმა „ ლიგა ერთში “ მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა! 2024 წლის ათი მაისი, ქალაქს ერთ – ერთ ყველაზე ისტორიულ დღედ შერჩა. ჰოდა, ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 7 წლის წინ გამოჩენილი გუნდი, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ლიგაზე თავს კარგად წარმოაჩენდა, მითუმეტეს, პლეიოფის საგზურის მოიპოვებდა? მაგრამ, დღეს ასეთი რეალობაა. ცხრა თვიან ინტერვალში, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა და მეთექვსმეტედფინალში გასვლა მოახერხა! რომ არა ეს, ამ სტატიის სახელი „ სამთავიანი წიგნის “ ნაცვლად, „ ერთთავიანი წიგნით “ დაიწყებოდა, რადგან „ ბრესტი “, ჩემპიონთა ლიგაზე, სწორედ კვარაცხელიას „ პსჟ “ – ს შეხვდება!

მანამდე კი ეს გუნდები „ ლიგა ერთში “ გადაეკვეთებიან ერთმანეთს და ამ ყველაფერს დღეს ვიხილავთ!

 ოცი დღე, ორი კლუბი, სამი თამაში! კვარას პირველი გასვლითი მატჩი საფრანგეთში, ბრესტული საღამო და პირველი გოლის მოლოდინში! ერთად გავიგებთ, თუ როგორი დასასრული ექნება პირველ თავს!

 „ Les Pirates “ – „ Les Parisiens “, 20:00 საათიდან!

ავტორი – სანდრო ბრაგვაძე

მსგავსი სიახლეები