11 ივლისს, თბილისში, ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF – ის ღონისძიება გაიმართება, რომელშიც 12 შეხვედრას ვიხილავთ. მასპინძლებიდან ხუთი მოჭიდავე: მერაბ დვალიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იასპარეზებენ.
UFC – ის პირველი ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, თავისთვის და ზოგადად ამ სპორტისთვის ძალიან ნაცნობ, მექსიკელ ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდება, რომელიც ქართველმა UFC – ში უკვე დაამარცხა. საერთაშორისო ჭიდაობის ტურნირებზე სეჰუდოს შედეგები ბევრად მრავალფეროვანია. დვალიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია (2019), ხოლო ჰენრი სეჰუდო 2008 წელს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია, ამასთან ერთად, მექსიკელი პან – ამერიკის სამ გზის ჩემპინიც გახლავთ.
ვლადიმერ გამყრელიძე ქვემძიმე წონის ქამრისთვის, საჩემპიონო ბრძოლას ამერიკელ კაილ დეიკთან გამართავს. დეიკი ოლიმპიური თამაშების ორ გზის ბრინჯაოს პრიზიორია (2020,2024) და ოთხ გზის მსოფლიო ჩემპიონია ჭიდაობაში. ოთხ ოქროსთან ერთად დეიკს ერთი ვერცხლი და ასევე ოთხი პან – ამერიკის ოქრო უმაგრებს ზურგს. ვლადიმერ გამყრელიძე ერთ – ერთი გამორჩეული ქართველი მოჭიდავეა, რომელმაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე უკვე იასპარეზა, 2023 წელს კი, 22 წლის ასაკში, მსოფლიოს ვიცე – ჩემპიონიც გახდა. გამყრელიძის ანგარიშზეა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობაც, რომელიც ქართველმა 2022 წელს იზეიმა.
RAF – ში მესამე ბრძოლას გამართავს გივი მაჭარაშვილი, რომელიც ამერიკელ ზაკ ელამს დაუპირისპირდება. ქართველი ამ წყვილში ფავორტიად მოიაზრება, მაგრამ ელამი ხელწამოსაკრავი მეტოქე ნადმვილად არ არის. მისურის უნივერსიტეტის აღზრდილი მოჭიდავე, “NCAA” – ის (სტუდენტ სპორტსმენთა ეროვნული ასოსიციაცი) მრავალგზის ჩემპიონი და 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მაჭარაშვილს გვერდს მრავალი პრესტიჟული მედალი უმშვენებს, როგორებიცაა ევროპის ჩემპიონატის ორი ოქრო (2023,2024), ოლიმპიური თამაშების ვერცხლი (2024) და მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაო (2022,2023). ქართველი მოჭიდავის რეკორდი RAF – ში ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია, რომელიც მან ლეგენდარულ კაინ სნაიდერთან იწვინა, ხვალ კი ეცდება, რომ დადებითი ბალანსი დაიბრუნოს.
გენო პეტრიაშვილს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, მოჭიდავის ამპლუაში პირველად ვიხილავთ. მძიმე წონის ლეგენდა, ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედალოსანი (ოქრო 2024 – ში, ვერცხლი 2020 – ში, ბრინჯაო 2016 – ში). სამ გზის მსოფლიო ჩემპიონი და რვა გზის მსოფლიო მედალოსანი RAF – ში სადებიუტო ბრძოლას ასევე ლეგენდარულ მოჭიდავესთან, ამერიკელ ჯეიკ ვორნერთან გამართავს. ვორნერის მთავარი მიღწევა, 2012 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომელზეც მან ჩემპიონობა იზეიმა. ასევე, არის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი, პან – ამერიკის ორ გზისა და “NCAA” – ის ორი წონის ჩემპიონი.
2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 2012 წლის ვიცე – ჩემპიონი 35 წლის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი RAF – ში მესამე ბრძოლას 39 წლის ამერიკელ კონორ ბიბისთან გამართავს. ანალიტიკოსების აზრით ხინჩეგაშვილი ამ ბრძოლაში ფავორიტია, მისი მეტოქე საერთაშორისო ასპარეზზე მედლებით დახუნძლული ნამდვილად არ არის, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვს როგორც სპორტსმენის, ისე მწვრთნელის რანგში.
RAF GEORGIA 11 ივლისს, 20:00 საათიდან, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.