2026 წლის 22 ივნისს, საქართველოს რაგბის 20 წლამდე ნაკრებმა, რუსთავში, მსოფლიოს ერთ – ერთ საუკეთესო ნაკრებთან, ახალ ზელანდიასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩის მთავარი მიზანი ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, მოთამაშეთა ფორმისა და მზადების შემოწმება იყო. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო, კერძოდ, თბილისი და ქუთაისი, 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
თამაში, პირველივე წუთიდან ძალიან დაძაბულად წარიმართა. დასაწყისში სტუმრებმა ერთი ლელო გაქვითეს, რომელსაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ლიდერმა, მიხეილ შიოშვილმა უპასუხა. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 7 – 7 იყო. მეორე ნახევარიც ახალ ზელანდიელთა სწრაფი ლელოთი დაიწყო, რომელსაც ისევ ბორჯღალოსნებმა უპასუხეს. მიხეილ შიოშვილი შერკინებიდან მოწყდა, ოფლოუდი ამოაგდო, რომელსაც დავით წიკლაური გამოესარჩლა და ლუკა ტაბატაძეს ძალიან ლამაზი პასი გადასცა, ამ უკანაკსლელმა კი ლელო გაიტანა, 12 – 14. 67 წუთზე ახალ ზელანდიელებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, რომელიც ვერ გარდასახეს და წინ 7 ქულით გავიდნენ. ამ ყოველივეს მალე უპასუხა ბორჯღალოსნების კაპიტანმა, ლუკა ნარსიამ და მივადექით კულმინაციას. მატჩის მიწურულს საქართველომ აუტის შემდეგ მოლი ააგორა, რომელსაც ახალ ზელანდიელები ვერაფერს უხერხებდნენ და საბოლოოდ გიორგი ყოლბაიამ ჩათვლის ხაზი გადაკვეთა და ლელო დაამიწა, 22 – 19! ბორჯღალოსნებმა, ისტორიაში პირველად, ახალი ზელანდია დაამარცხეს!