ბაქოს ტურნირის ბოლო დღე წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ძიუდოისტებისთვის – თითო ოქრო და ვერცხლი მოვიპოვეთ. ჩემპიონი ილია სულამანიძე გახდა 100 კილოგრამში, მეორეზე კი მეტად დასანანი მარცხის შემდეგ მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი გავიდა. მძიმე წონაში ბრინჯაოს მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ გელა ზაალიშვილი მეხუთეზე დარჩა.
ამით ჩვენი დელეგაციის ბაქოური მონაგარი 3 მედალი გახდა – 1 ოქრო და 2 – ვერცხლი. ის მეორე ვერცხლი ქალთა ნაკრების ანგარიშზეა, რომელიც პირველივე დღეს ევროპის მესამე პრიზიორმა ეთერ ლიპარტელიანმა (57) მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაშიც და საკუთრიც ბიჭებშიც მეორეზე ვართ – ორივეგან აზერბაიჯანის შემდეგ.
სულამანიძემ მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა და სავსებით დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. მას პირველივე მეტოქე საკმაოდ ძლიერი შეხვდა – რუსი ნიიაზ ბილალოვი, ვისაც ვაზარით მოუგო: ვარდნაში ისე გადაიქნია გვერდზე, ციბრუტივით აატრიალა. კარგად დაიქნია ბრიტანელი რის ტომპსონიც, როცა გარედან გამოცერა და იპონი, მეოთხედფინალში კი ლამის დაწყებისთანავე ხელი მტკივნეულზე დაუჭირა ხორვატ ზლატკო კუმრიჩს. ნახევარფინალში ახალგაზრდა ფრანგი აურელინ დისე ვაზარიზე დააგდო, როცა დგომში შეკვრისას კარგად გადააგდო უკან. ფრანგს იდაყვი კი მოუყვა დაბლა და ამიტომ აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებას, თუმცა ტანი და იდაყვი ერთად ედო ტატამიზე, ფინალში კი კარგად ნაცნობ ძველ მეტოქეს – ნეიტრალური გუნდის რუს მატვეი კანიკოვსკის შეხვდა, ვინც მანამდე პორტუგალიელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ჟორჟე ფონსეკა და საკმაოდ ძლიერი მასპინძელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.
სულამანიძე და კანიკოვსი აქამდე ხუთჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის – ასაკობრივებში, უფროსებში კი პირველად იჭიდავეს. წინა შეხვედრებიდან სულამანიძის ანგარიშზე 3 მოგება იყო. მათი ბოლო პაექრობები 2021 წელზე მოდის, როცა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზეც იჭიდავეს ერთმანეთში და – მსოფლიოზეც. თან ორივეგან – ნახევარფინალში. პირველად რუსმა მოიგო, მერე კი ქართველმა რევანში აუღო. მათი ეს 5 პაექრობაც ასე მიდიოდა – რიგ-რიგობით უგებდნენ ერთმანეთს და ამ ლოგიკით, ახლა სულამანიძეს უნდა წაეგო, როგორც ბოლოს მოგებულს. საბედნიეროდ, ტყიბულელმა ფალავანმა შეძლო ამ ტრადიციის დარღვევა და კანიკოვსკისთან მეოთხე გამარჯვება მიითვალა.
ბაქოური ფინალის პირველი წუთები თითქოს რუსის უპირატესობით წარიმართა – სულამანიძე თავიდან ერთი-ორჯერ ჩავარდა, მაგრამ თანდათან გამოასწორა ვითარება, თავად შეუტია და პირველივე წუთზე ბრუნითაც გაისროლა, თუმცა რუსი მუცელზე დაეცა. მალე მას ვაზარიც გაუუქმეს და, ალბათ, სამართლიანადაც, თუმცა, იქნებ, სჯობდა, დაეტოვებინათ, ბოლო წუთზე ისეთ ვაზარიზე დააგდო – რუსი მიპატიჟებული სტუმარივით მშვიდად მივიდა შესატევად და ჩასავლებად წაეპოტინა, თუმცა სულამანიძემ ჩავლება დაასწრო და ბრუნი-ამოსმულის ნაზავით დასრულებამდე 6 წამით ადრე გამეტებით დაახეთქა ვაზარიზე. თუ პირველ წამებს არ ჩავთვლით, სულამანიძე მთელი შეხვედრა დომინირებდა და კანიკოვსკი ამჯერად სრულად გაანეიტრალა. საერთოდაც, სულამანიძემ გუშინ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. ხანდახან თითქოს ცოტა დაღლა კი ეტყობოდა, მაგრამ უკლებლივ ყველა შეხვედრაში თავიდანვე ფლობდა ინიციატივას და წამითაც არ თმობდა მას. თან, ძალიან იოლად ახერხებდა ინიციატივის დაუფლებას, ყველა შეხვედრას თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა. შეცდომაც არ დაუშვია და ილეთიც არ გაუშვია. ისევ და ისევ ცოტა მეტი დაღვინება და ძალიან მაღალი დონის ძიუდოისტი, პრაქტიკულად, უკვე გვყავს. 22 წლის ფალავანისთვის ეს “ძიუდოს მსოფლიოს ტურის” მე-5 ოქროა, წლეულს კი – მესამე პორტუგალიის “დიდი პრიზის” და თბილისის “დიდი მუზარადის” შემდეგ.
მძიმე წონა ქართულ-რუსული დაპირისპირებით წარიმართა, ვინაიდან დასკვნით ეტაპზე მთავარი ბრძოლები ამათ შორის გაჩაღდა: აქეთ თუშიშვილ-ზაალიშვილის დუეტი, იქით – რუსთა ჩეჩენი ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ტამერლან ბაშაევი და ოსი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ინალ თასოევი. საბოლოოდ თასოევმა ორივე ფალავანი დაგვიმარცხა.
თუშიშვილმა პირველ პაექრობაში ტაჯიკ მანსურ რაჰმონს საიპონედ ამოუსვა და ბეჭებზე დადო, მერე კი ბაშაევს შეხვდა. ეს მათი მეცხრე დაპირისპირება იყო და ქართველმა მეოთხედ მოიგო. შეხვედრა ამჯერადაც დაძაბული გამოდგა და ლამაზი ეპიზოდით დასრულდა – მაჯებიდან ჩავლებით ტატამზე ჩავარდნილი მეტოქე თუშიშვილმა უკან ისე გამეტებით გადაიქნია, დააბზრიალა და იპონზე დასცა. ამით ნახევარფინალში გავიდა, სადაც თავისი საფირმო ჩახტომითი კისრულით მორიგი მშვენიერი იპონი მიითვალა ყაზახ იერასილ კაჟიბაევთან.
ამასობაში საკმაოდ კარგად ჭიდაობდა ზაალიშვილი, ვინც პირველად ყაზახი ადილ ორაზბაევი დააიპონა ძალზე ადვილად – მოძრაობაზე დაჭერილი მარტივად გადააგორა ზურგზე, შემდეგ გერმანელი ერიკ აბრამოვი შებოჭა, მასპინძელი ჯამალ გამზათხანოვი კი დგომში, ზედა ჩავლებიდან “გადატეხა” უკან პირდაპირ იპონზე. აი, ნახევარფინალში თასოევთან დასანანად წააგო – დასრულებამდე 10 წამით ადრე გაუშვა ვაზარი.
თუშიშვილი ფინალში დაკვირვებით ეჭიდავებოდა თასოევს. ეს მათი მეხუთე შეხვედრა იყო, წინა ოთხიდან კი ბოლო სამი ოსს ჰქონდა მონაგები. სამწუხაროდ, ამჯერადაც მან იმარჯვა – თუშიშვილი ერთ მომენტში კი შეცდა, როცა მეტოქემ კონტრილეთით ვაზარიზე ჩაატრიალა, თუმცა იქვე ქართვე;ლმა უფრო დიდი შეცდომა დაუშვა – ფეხში ხელი წაატანა და მოხსნეს. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბასაევთან წმინდად დამარცხდა ზაალიშვილიც – თითქოს დაელოდა, როდის წამოიღებდა მეტოქე კისრულზე, აშკარად დააგვიანა რეაქცია და უმედლოდ დარჩა.
90 კილოგრამში დაწყებისთანავე დავამთავრეთ ტურნირი – ორივე ჩვენებური პირველივე წრეში დამარცხდა: თორნიკე ფოლადიშვილმა ნეიტრალური გუნდის რუს ელდარ ალახვერდიევთან წააგო, ვლადიმერ ახალკაცმა – ესპანელ დავიდ ნიეტო ტრინიდადთან. სამწუხაროა, რომ ახალკაცი ახალ წონაში გადასვლის შემდეგ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ადაპტაციას და თავის დამკვიდრებას.
100 კილოგრამში წარუმატებლად გამოვიდა ერეკლე ბაზიერიშვილი. არადა, მან პირველ პაექრობაში იაპონელი კოსუკე მაშიამა დაამარცხა – გაფრთხილებებით მოახსნევინა და ცოტა გასაკვირია, ამის შემდეგ როგორ წააგო გერმანელთა ახალგაზრდა ქართველ გიორგი უძილაურთან!
პირველივე შეხვედრა წააგო სოფიო სომხიშვილმაც (+78), თუმცა მას მეტოქედ იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სარა ასაჰინა ჰყავდა.
ძიუდო. ბაქოს “დიდი მუზარადი”. ბაქო. 24 სექტემბერი
ვაჟები
90 კგ. 1. მიხაილ იგოლნიკოვი (ნეიტრალური); 2. ივაილო ივანოვი (ბულგარეთი); 3. კრისტიან ტოტი (უნგრეთი), მიხაელ ზგანკი (თურქეთი)
100 კგ. 1. ილია სულამანიძე (საქართველო); 2. მატვეი კანიკოვსკი (ნეიტრალური); 3. ზელიმ კოცოევი (აზერბაიჯანი), აურელიენ დისე (საფრანგეთი)
+100 კგ. 1. ინალ თასოევი (ნეიტრალური); 2. გურამ თუშიშვილი (საქართველო); 3. ტამერლან ბაშაევი, იერასილ კაზიბაევი (ყაზახეთი); 5. გელა ზაალიშვილი (საქართველო).
ქალები
78 კგ. 1. ანა-მარია ვაგნერი (გერმანია); 2. ალიცე ბელანდი (იტალია); 3. ნამი უმეკი (იაპონია), მარია აგიარი (ბრაზილია)
+78 კგ. 1. ბეატრის სოუზა (კუბა); 2. როჩელე ნუნესი (პორტუგალია); 3. რაზ ჰერშკო (ისრაელი), ლარისა ცერიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)