GMSTV.GE

თორნიკე შენგელიას და მარკის რიდის საოცარი მატჩი და საქართველომ ესპანეთი დაამარცხა!

საქართველოს საკლათბურთო ნაკრებმა ესპანეთი საოცარ მატჩში დაამარცხა. პირველი მეოთხედის შემდეგ საქართველო 14 – 32 მარცხდებოდა და ფაქტობრივად წინასწარ გამოიკვეთა მატჩის გამარჯვებულიც, მაგრამ საქართველომ ამის შემდეგ ძალიან მოუმატა, მეორე მეოთხედი 4 ქულით მოიგო და სხვაობა 14 ქულამდე ( 38 – 52 ) შეამცირა. მესამე მეოთხედს კი ბევრი რამ უნდა შეეცვალა, მაგრამ აქ უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა და 14 ქულიანი სხვაობა მეოთხე მეოთხედის წინაც ძალაში იყო. დასკვნით მეოთხედში კი თორნიკე შენგელიამ და მარკის რიდმა ყველაფერი თავიანთ თავზე აიღეს და სრული ფურორი მოახდინეს. ესპანეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად, დასკვნით მეოთხედში 14 ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მატჩი “ოვერთაიმში” გადავიდა, სადაც ესპანელებმა სწრაფად მოიპოვეს ხუთი ქულა, მაგრამ საქართველო არც ამჯერად დანებდა და ზედიზედ 6 ქულა მოიპოვა ( 89 – 88 ). ესპანეთი შეტევაზე გადმოვიდა, რა დროსაც დუდა სანაძემ მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა, ესპანელთა შვიდმა ნომერმა, ჰუგო გონსალესმა 2 – დან 1 სროლა გამოიყენა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა, 89 – 89. ქართველების ბოლო შეტევა კი თავის თავზე კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ აიღო და გუნდს კიდევ ორი ქულა მოუტანა, შემდეგ ჩვენი კალათბურთელები დაცვაში მშვენივრად გაისარჯნენ და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, 91 – 89.

კარიერის მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას: 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 გადაცემა!

არანაკლებ საოცარი მატჩი ჩაატარა ჩვენმა ლეგიონერმა, მარკის რიდმა: 32 ქულა, 3 მოხსნა, 7 გადაცემა!

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და აგვისტოში გადამწყვეტ ორ მატჩს გამართავს. მეტოქეები ჯერ ცნობილი არ არის.

მსგავსი სიახლეები